თბილისში, პარლამენტის შენობასთან ასირიელი ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მონაწილეებმა სოლიდარობა და მწუხარება გამოთქვეს იმ ასირიელი ბავშვების გამო, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს "ტერორიზმს" ემსხვერპლნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორიგანიზატორმა, ნინო ლაბარტყავამ განუცხადა, დღევანდელი აქციით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ მონახოს გზები ასირიელი ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად.
"მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ბავშვების გამო, რომლებიც ემსხვერპლნენ ტერორიზმს და სოლიდარობას ვუცხადებთ ასირიელ ბავშვებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იქნებ მონახოს გზები ამ ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად და მათ დასახმარებლად, რადგან ამ ბავშვებსაც აქვთ უფლება იცხოვრონ ისეთ გარემოში, როგორსაც იმსახურებენ", - აღნიშნა ლაბარტყავამ.
აქციაზე მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით "სოლიდარობა ასირიელ ბავშვებს", "ტერორიზმს არ აქვს რელიგია", "ადამიანი ადამიანისთვის" და ა.შ. მათ ასევე ჰქონდათ სიმბოლურად სათამაშოები. "ეს არის სიმბოლური დატვირთვა დღევანდელი აქციის. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ სათამაშოები პატრონის გარეშე", - განაცხადა ლაბარტყავამ.
აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი ბავშვების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.