სამებაში სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულის საოხად ლოცვა აღევლინა

სამებაში სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულის საოხად ლოცვა აღევლინა

სამების საკათედრო ტაძარში სირიაში, ერაყში, საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოში მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინა. ასევე ლოცვა აღევლინა სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულის საოხად. ამ თემაზე დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იქადაგა.

"თქვენ იცით რა ხდება სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, ადამიანები ერთმანეთს თავს აჭრიან, ახრჩობენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენ ვლოცულობთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. შევთხოვთ უფალს, რომ ეს მტრობა მეგობრულ ურთიერთობად აქციოს, ეს მტრობა ძმობად გადააქციოს. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და მოგვცეს ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა ადამიანთა შორის", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

სამებაში აღვლენილ ლოცვაში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა სასულიერო მოძღვარი მამა სერაფიმე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწმინდესმა და უნეტარესმა სირიასა და ერაყში მცხოვრები ქრისტიანები თვენახევრის წინაც დალოცა და აღნიშნა, რომ ცუდი და სამწუხარო ფაქტია, როცა ადამიანები ტერორისტული იდეოლოგიის გამო იდევნებიან. "მოხარული ვარ, რომ ქართველმა ერმა ჩემი თანამემამულეების გულისტკივილი საკუთარ გულისტკივილად მიიღო", - აღნიშნა მამა სერაფიმემ.