ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილია აცხადებს, რომ მის მიმართ 2013 წლის დასაწყისში პროკურატურამ იარაღის უკანონო ტარებაზე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ბასილიამ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში აშშ-დან ჩართვისას განაცხადა.
ბასილიას თქმით, 2013 წლის თებერვალში დააკავეს ადამიანი, რომელსაც თითქოს მისი იარაღი აღმოაჩნდა.
"საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვარ და თუნდაც ეს ფაქტი ყოფილიყო, იარაღის არა მარტო ფლობის, არამედ ტარების უფლებაც მაქვს", _ აღნიშნა ბაისილიამ, რომელიც 11 წელია თბილისში არ ყოფილა.
საუბრისას თემურ ბასილიამ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ამერიკაში შეხვედრა გაიხსენა.
"პრემიერის პოზიცია იყო, რომ საქმე უნდა გადაიხედოს, მაგრამ პროკურატურამ პირველივე ნაბიჯებიდან შემოგვთავაზა, რომ მე ვაღიარო დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია. პროკურატურა გამოიჩენს კეთილ ნებას და ჩემთან გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ ვაპირებ ისეთი ბრალის აღიარებას, რაზეც არანაირი ბრალი არ მიმიძღვის. მეორე შეთავაზება იყო, რომ შეგიწყალებთო. არც შეწყალება არ მჭირდება. შეწყალება სჭირდება იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა", _ განაცხადა ბასილიამ და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნაა, განაჩენი გადაიხედოს.
ამასთან, წითელი ცირკულარით ძებნილმა თემურ ბასილიამ ინტერპოლის ცენტრალურ ოფისთან მიმოწერის შესახებ ისაუბრა ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურა უნდა ყოფილიყო წინასწარ ინფორმირებული იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადეიშვილის ინტერპოლის სიიდან ამოღების შესახებ და ამის თქმის საფუძველს პირადი მაგალითი აძლევს. კერძოდ, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების შემდეგ, ბასილიას თქმით, ადვოკატის მეშვეობით საფრანგეთში ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს მიმართავდა.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ხანგრძლივი ინტენსიური მიწერ-მოწერა გვქონდა. ბოლოს მივიღე წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ინტერპოლის ცენტრალურმა ოფისმა გაიარა კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, საქართველოს მთავრობა წინააღმდეგი იყო, ჩემი ძებნილთა სიიდან ამოღების თაობაზე. ამიტომ ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს არ ჰქონდა უფლებამოსილება ჩემი ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ, რადგან ძებნილთა სიაში ჩასმა და ამოღება ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებაა.
წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ინტერპოლს არ აქვს უფლებამოსილება კითხვის ქვეშ დააყენოს იურიდიული გადაწყვეტილებები, რომელებიც საქმის კონკრეტულ ფაქტებს ეხება და ასევე კონკრეტულ მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილია ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში", _ განაცხადა ბასილიამ.
თემურ ბასილია 2004 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ბასილია ქრთამის აღებაში დამნაშავედ არის ცნობილი.