ადეიშვილის დროს ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში მაღალ თანამდებობას იკავებს

ადეიშვილის დროს ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში მაღალ თანამდებობას იკავებს

ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გიორგიძე საფრანგეთში ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მაესტროსთვის" გახდა ცნობილი.

"მაესტროს" ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დროს ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გიორგიძე ისევ ინტერპოლში მუშაობს. კერძოდ, თბილისის შემდეგ ლაშა გიორგიძე საფრანგეთში ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს.

ტელეკომპანია "მაესტრო" აღნიშნული ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა.

2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.