ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ მთავრობა დაეთანხმა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას. ჩვენ ორთვე-ნახევრით ადრე განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ შესამცირებელი იქნება ჩვენი საპროგნოზო მონაცემები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მედია დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მთავრობა სავალუტო ფონდის შეფასებას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პირიქით იყო - პირველი მთავრობამ განაცხადა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების შესახებ და შემდეგ გაიმართა კონსულტაციები სავალუტო ფონდთან, რის შედეგადაც მათი და მთავრობის პროგნოზი არის თითქმის ერთნაირი.
"საერთოდ, მოგეხსენებათ, ყველა მეტად ნავთობის ფასების ვარდნისგან და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ნავთობის მწარმოებლები, მაგრამ დიდად არიან დამოკიდებულნი ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდან ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ვინაიდან საინვესტიციო მადა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ან ყაზახეთი, ნავთობის ფასების ვარდნიდან გამომდინარე, არ არის ისეთი, როგორიც იყო ერთი წლის, ან წელიწადნახევრის წინ, ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. არაფერი ამაში გასაკვირი არ უნდა იყოს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.