მინსკის შეთანხმება ჩაიშლება თუ კიევი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ აღიარებს

მინსკის შეთანხმება ჩაიშლება თუ კიევი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ აღიარებს

მინსკის შეთანხმება ჩაიშლება თუ კიევი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ აღიარებს, - ამის შესახებ განცხადება დონეცკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ "ბიბისისთან" გააკეთა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა დასავლეთის დახმარებით მიაღწიეს, უკრაინის მთავრობა სათანადოდ არ ასრულებს.

"უკრაინას არ სურს ამ საკითხების გადაჭრა. თუ დათანხმდები რაღაცის მოგვარებას, შემდეგ უნდა იმოქმედო და ამისათვის ნაბიჯები გადადგა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ მინსკის შეთანხმება არ განხორციელდება", - განაცხადა ზახარჩენკომ.

თვითგამოცხადებულმა ლიდერმა ასევე კიევი ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, კიევს შეუძლია კიდევ ერთხელ ძალიან მალე კონფლიქტის პროვოცირება, ის შესაძლოა, თავს დაესხას დონეცკს ან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნებისმიერ ქალაქს", - აღნიშნა ალექსანდრ ზახარჩენკომ.

მინსკის შეთანხმებას მხარეებმა 12 თებერვალს მოაწერეს ხელი. იგი დონბასში ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესი ორივე მხარემ დაიწყო. თუმცა, რეგიონში პერიოდულად საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.