„ბესო ხარძიანის სიკვდილი ოჯახის ტრაგედიაა, რაც შეეხება ირაკლი კორძაიას, მასზე ვიტყვი, რომ ტყუის“

„ბესო ხარძიანის სიკვდილი ოჯახის ტრაგედიაა, რაც შეეხება ირაკლი კორძაიას, მასზე ვიტყვი, რომ ტყუის“

მომღერალი ბუბა კიკაბიძე უარყოფს ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბესიკ ხარძიანის მხრიდან წილების იძულებით დათმობის შემდეგ კუს ტბაზე მისი წილი გაიზარდა.

ტელეკომპანია „იმედზე“ ბესიკ ხარძიანის მეგობრის ირაკლი კორძაიას მხრიდან გამოთქმული ბრალდების შემდეგ ბუბა კიკაბიძე მისი პროდუსერის მეშვეობით გადაცემა „რეაქციას“ დაუკავშირდა და ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გააჟღერა.

ბუბა კიკაბიძე აცხადებს, რომ ის ფლობდა და ფლობს კუს ტბაზე 7%-ს და ეს პროცენტი არ შეცვლილა, ბესო ხარძიანის სიკვდილი კი არის მისი ოჯახის ტრაგედია, რადგან როგორც ბუბა კიკაბიძე აცხადებს, ხარძიანი მისი ოჯახის წევრი იყო.

„რაც შეეხება ირაკლი კორძაიას, მასზე ვიტყვი, რომ ის ტყუის“, - აღნიშნა კიკაბიძემ.

ამის საპასუხოდ ირაკლი კორძაიამ „რეაქციაში“ განაცხადა, რომ კიკაბიძის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რომელი ოჯახის წევრი იყო, კაცთან ციხეში არ მისულა და რომ მოკლეს ერთ პანაშვიდზე არ ყოფილა. ბესოს ოჯახის წევრებს ჰკითხეთ, სისხლს და ხორცს, ვინ იყო ბუბა კიკაბიძე ამ ოჯახისთვის“, - აღნიშნა კორძაიამ.

მანამდე კი მან ბუბა კიკაბიძეს ბრალი დასდო, თითქოს კუს ტბის ტერიტორიაზე მისი წილი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბიზნესმენმა ბესიკ ხარძიანმა საკუთარი წილები ზეწოლის შედეგად დათმო.

„ბუბა ბიძია, იგივე ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ერთი თეთრი არ ჩაუდია კუს ტბის განვითარებაში, ის ფლობდა მცირედ წილს და ალბათ, საინტერესო იქნება თუ ჰკითხავთ მას რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი მას შემდეგ, რაც ბესო ხარძიანმა წამების შედეგად დათმო თავისი წილი უდესიანის სასარგებლოდ. დიახ, გაიზარდა წილი“, - განაცხადა კორძაიამ.