ძალიან მოკლე დროში ჩვენ შევძელით რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "სოლიდარობის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეაჯამონ და მოისმინონ "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის ანგარიში. "ვფიქრობ, საქმიანობის ანგარიში საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის და ყველასთვის არის ის, რომ ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. მისი თქმით, ფონდის საქმიანობას შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.
"კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ვინც ჩართულია ამ საქმეში და თუნდაც მცირე წვლილი შეაქვს ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადარჩენაში. 9 თვის განმავლობაში ფონდში 2 400 000 ლარის მობილიზება შევძელით, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური პრობლემა. დღეისათვის დამტკიცებული გვაქვს 86 ბავშვის და ახალგაზრდის დიაგნოსტიკის და მკურნალობის სრული დაფინანსება. არიან კონკრეტული ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთა მკურნალობაც ფონდმა დააფინანსა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დაფინანსდეს, რომელთა სიცოცხლე არის საფრთხეში და ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ ფონდის საქმიანობაში და მეტი ბავშვი და ახალგაზრდის სიცოცხლე გადავარჩინოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული საზოგადოების შექმნისკენ.