პროკურორი გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

პროკურორი გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

პროკურორი გიგა ძნელაძე გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვისჯგუფისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორმა განუცხადა, დაცვის მხარეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ტაქტიკა აქვს არჩეული.

"ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა, მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების კვლევა, დაცვის მხარეს არჩეული აქვს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ტაქტიკა, ჩვენ მათი მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ, თვითონ კი, ხდიან სადავოდ. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში რამდენიმე ასეული მოწმე ჰყავს მითითებული, ყველა პროცესზე მოჰყავთ ერთი მოწმე, მაშინ როდესაც სასამართლო წინასწარ განგვისაზღვრავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას რომ საკმაო მოცულობის მტკიცებულების გამოკვლევა მოხდეს პროცესზე", - განაცხადა გიგა ძნელაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ისევე როგორც წინა სხდომაზე, დღესაც დაცვის მხარემ მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა.

პროკურორი ვარაუდობს, რომ მომავალ პროცესზეც, რომელიც 28 აპრილს არის დანიშნული, ადვოკატები დასაკითხად ერთ მოწმეს წარმოადგენენ.