პავლე კუბლაშვილი:    საბოტაჟი არ იყო, ეს იყო პროცედურული ომი

პავლე კუბლაშვილი: საბოტაჟი არ იყო, ეს იყო პროცედურული ომი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მათი დღევანდელი ქმედება არ იყო საბოტაჟი, ეს იყო პროცედურული ომი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო პარლამენტის და საზოგადოების ყურადღება დაკავებული სპეცრაზმელის, კახა ნაკანისადმი მიეპყროთ. ამის შესახებ პავლე კუბლაშვილმა "იმედთან" საუბარში განაცხადა. ამით დეპუტატმა მათ მიერ რეგისტრაციის გაუვლელობის და შედეგად სხდომის ჩაშლის მიზეზი განმარტა.

"ეს არის პოლიციელი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ხემძღვანელი, რომელიც დღეს არის წინასწარ პატიმრობაში. ეს ადამიანი არის ივანიშვილის ხელისუფლების პირადი პატიმარი, ის ამჟამად გლდანის მე-8 დაწესებულებაში არის სრულიად უკანონოდ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღება მიგვექცია. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი არ ისურვა, რომ ბოლომდე მოესმინა რა საკითხთან დაკავშირებით იყო ჩვენი პროტესტი. პროტესტი უკავშირდება პოლიციელების და სპეცრაზმელების უკანონო დევნას, იმას, რომ ეს ადამიანი უკანანოდ არის დღეს გლდანის ციხეში", -განაცხადა კუბალშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გაექცა ამ საკითხს.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, რეალურად პარლამენტი არ დაინტერესებულა დღემდე ამ მდგომარეობით მიუხედავად იმისა, რომ კახა ნაკანმა გუშინ ვენებიც კი გადაიჭრა.

რაც შეეხება კვორუმის უქონლობას, პალიკო კუბლაშვილი ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ამ ადამიანებს სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ იმ უფლებამოსილებისადმი, რომელიც მათ გააჩნიათ.

"მათ რომ ჰქონოდათ სურვილი, რაიმე საკითხზე ემსჯელათ, შეიკრიბებოდნენ და ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებდნენ და კვორუმიც იქნებოდა. ჩვენ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბოიკოტის ეს გზა, პროცედურული ომის გზა ავირჩიეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელსაც არაერთი სახელმწიფო ჯილდო აქვს, მივაქციოთ პარლამენტისა და საზოგადოების ყურადღება", - განაცხადა კუბლაშვილმა.