"სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე.. ჩინელი ტურისტებივით ხუთ-ხუთი პროკურორი დადის პროცესზე"

"არ ვაპირებ სასამართლოსთან თანამშრომლობას, რადგან სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე" - ამ განცხადებით მიმართა დღევანდელ პროცესზე დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მოსამართლეს. უგულავამ სასამართლოში სამართლებრივ პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, და აცხადებს, სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმ მოტივით მიდის, რომ გააკეთოს განცხადებები, მოინახულოს ოჯახის წევრები და მეგობრები.

"არ ვაპირებ სასამართლოსთან თანამშრომლობას, რადგან სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე. ჩემი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გავიდა 2 აპრილს, ჯემალა კოპალიანის მეოხებით კი, ვრჩები კვლავ პატიმრობაში", - განაცხადა გიგი უგულავამ, რაზეც მოსამართლის მხრიდან შენიშვნა მიიღო, თუმცა მან მოსამართლის მისამართით გააკეთა განცხადება.

"აიტანეთ იმიტომ, რომ კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავთ. ნება იბოძეთ და კრიტიკული განცხადება მოისმინეთ. საერთო სასამართლოებმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნაა, ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, თუკი პირს არ უმტკიცდება დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. თუმცა იმიტომ, რომ ივანიშვილის "ჩმორი" გახდა ეს უწყება, მე ვრჩები პატიმრობაში. ჩინელი ტურისტებივით ხუთ-ხუთი პროკურორი დადის ხოლმე პროცესზე, ახლა მოვიდა ერთი, რადგან უნდათ, რომ პროცესი გადაიდოს. ჩემი, ვანოს და ყველას დაპატიმრება რომ პოლიტიკური მოტივით მოხდა, ეს ყველამ თქვა. სასამართლო კი სირაქლემას პოზიციაშია. ამის შემდეგ ნუ ითხოვთ პატივისცემას. საერთო სასამართლოები კონსიტუციები დავლურს ცეკვავს, მანტია არის ჩვეულებრივი ჭინჭი, ჭილობი იქნება თუ ტილო, ესე თქვენზეა დამოკიდებული. პატივისცემა უნდა დაიმსახუროს შინაარსმა და არა ჭინჭმა. ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებ. როდესაც ახლობლები მომენტარებიან, მაშინ მოვალ. ამ ტაკიმასხარაობას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილობით", - მიმართა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს გიგი უგულავამ.

მოსამართლეს მისთვის შენიშვნის მიცემა სურდა და უთხრა, რომ ესმოდა უგულავას ემოციური მდგომარეობა, რაზეც უგულავამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მოსამართლის მიმართ.

"ემოციური ფონი თქვენ უნდა გქონდეთ, რომ დავლურს ცეკვავთ კონსტიტუციაზე. არ ვაპირებ პოლემიკაში შემოსვლას, არაფერს არ წყვეტთ თქვენ. უარს ვაცხადებ სამართლებრივ ნაწილში პროცესებში მონაწილეობაზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

განცხადების გაკეთების შემდეგ გიგი უგულავას ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ამის შემდეგ განცხადება გააკეთა 7 ნოემბრის საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ უგულავამ და მერაბიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, სხდომა დატოვეს დარბაზში დამსწრეებმაც. პროცესი მხოლოდ მხარეების მონაწილეობთ გრძელდება.