"შალვა აბულაძემ ვანო მერაბიშვილს შარშან დაბადების დღე მიულოცა და თანადგომა გამოუცხადა"

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული საქართველოს" ხელმძღვანელი ბექა გაბუნია პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძესა და შს ყოფილ მინისტრ შორის არსებული კავშირების გამოძიებას ითხოვს.

როგორც გაბუნიამ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, მის ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია, რომ აბულაძეს კავშირი არამხოლოდ ვანო მერაბიშვილთან, არამედ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წარმომადგენლებთან, ირაკლი ფირცხალავასთან და ზაზა ჭაიასთანაც აქვს. "პროგრესული საქართველოს" ხელმძღვანელის ინფორმაციით, შალვა აბულაძემ, ზაზა ჭაიასთან ერთად, ვანო მერაბიშვილის საკანში შარშან წერილი შეაგზავნა, რომლის საშუალებითაც, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს დაბადების დღეს ულოცავდნენ და თანადგომას უცხადებდნენ.

"ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ააშკარავებს, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის უშუალო კავშირს ვანო მერაბიშვილთან და მჭიდრო ურთიერთობებს "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგასთან", კონკრეტულად კი სკანდალურად ცნობილ ირაკლი ფირცხალავასთან და ზაზა ჭაიასთან. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შარშან შალვა აბულაძემ წერილი შეაგზავნა ვანო მერაბიშვილის საკანში. იმავე კონვერტში იყო მოთავსებული ზაზა ჭაიას წერილიც, რომლის საშუალებითაც ისინი მერაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავდნენ და მას თანადგომას უცხადებდნენ. ჩვენ საქართველოს ფოსტასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ამ ფაქტის დადასტურება წერილობით მოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რადგან ჩვენ ვეჭვობთ, რომ შესაძლოა ამ მკვლელობებს შეკვეთილი ხასიათი ჰქონდეს, რათა სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მოხდეს. პოლიციელების მკლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის კავშირების გამოვლენამ შესაძლოა ფარდა ბევრად ფართო კამპანიას ახადოს. ლოგიკური სქემა ასეთია - იგეგმება მკვლელობები, რომლებიც მიზნად ისახავს მთავრობისა და შსს-ს დისკრედიტაციას, შემდეგ კი ამ მკვლელობებს დაინტერესებული მხარე პოლიტიკურ ელფერს აძლევს. სწორედ ამ სქემების დასადგენადაა საჭირო, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება", - განაცხადა ბექა გაბუნიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული საქართველოს" ხელმძღვანელი სამართალდამცავი უწყებებისგან შალვა აბულაძის ბოლო თვეების მოღვაწეობის, მათ შორის ზაზა ჭაიასთან და ირაკლი ფირცხალავასთან მისი კავშირების უფრო ღრმა და ფართო გამოძიებას ითხოვს. ოფიციალური განცხადებით ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.