„რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ“

„რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ“

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, რიგის სამიტი საკმაოდ ადრეა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

ლიდეგორდის განცხადებით, საქართველოზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საბოლოოდ ევროპის კარი მისთვის.

„რა თქმა უნდა, რიგის სამიტზე ეს საკითხი არ გადაწყდება. ეს ძალიან ადრეა ამისთვის, იმიტომ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჩამოწერილია ხელშეკრულებაში, უნდა შესრულდეს. საბოლოოდ, გაიხსნება თუ არა ევროპა საქართველოსთვის, ეს თავად საქართველოზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ როგორ გაატარებს რეფორმებს, მაგრამ ძალიან ადრეა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას რიგის სამიტზე ველოდოთ“, - განაცხადა ლიდეგორდმა.

ამასთან, როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, დანია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. ეს იქნება ევროკავშირის კარის გახსნა ქართველი ხალხისთვის. ეს პროექტი განხორციელდა მოლდოვაში და იმედი მაქვს, საქართველოშიც იგივე მოხდება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ანგარიში მომზადდება“, - განაცხადა ლიდეგორდმა.