საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, დაზუსტება სჭირდება იმ მიზეზებს, რის გამოც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
საგანელიძის თქმით, ისეთი პიროვნება, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, აუცილებლად უნდა იძებნებოდეს.
"ვერ ვიტყვი რომ ეს ჩვენი პროკურატურის სისუსტეა. პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა ის საქმე, რის გამოც ის ძებნილი იყო და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს კიდეც. თუ რა არის მიზეზი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღების, ამას დაზუსტება სჭირდება. თუ ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება სისუსტეზე საუბარი", - განაცხადა საგანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ კი აღნიშნა, რომ ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღებაზე განმარტება პროკურატურამ უნდა გააკეთოს.
"არის საკითხები, რომლებზეც კონკრეტული კითხვა მთავარ პროკურატურას უნდა დაუსვათ. მათ უნდა გააკეთონ ალბათ, განმარტება ნამდვილია თუ არა ეს ინფორმაცია. მე ის ვიცი, რომ ამ ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვა აუცილებლად დააკავებენ. რა ხდება ჩვენს საზღვრებს მიღმა, არის თუ არა ძებნაში და სიიდან ამოიღეს თუ არა ამაზე მე კონკრეტულად პასუხს ვერ გაგცემთ", - განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება. ამ ბრალდებების გამო ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული.