პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ინდუსტრიული ტრანს-იზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საკითხზე იმსჯელეს.
რისკის შეფასების თაობაზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა ისაუბრა, რომლის ინფორმაციით, "მდგომარეობა არა თუ სასურველი, საგანგაშოც კია".
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ტრანს-ცხიმების გამოყენება კვების ინდუსტრიაში იწვევს უამრავ დაავადებას, მათ შორის: გულსისხლძარღვთა იშემიურ დაავადებებს, რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანებას, ასევე დიაბეტის, დეპრესიის, ალცჰეიმერისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. აღნიშნულზე მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნებსა და სამეცნიერო ცენტრებში განხორციელებული კვლევები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციასაც კი იძლევა, რომ 2025 წლისათვის ტრანს-ცხიმები საერთოდ უნდა იყოს გამქრალი ადამიანთა კვების რაციონიდან. როგორც ზურაბ ცქიტიშვილმა განაცხადა, WHO-ს რეკომენდაციების საფუძველზე, ტრანს-ცხიმების გამოყენების შემცირების მიზნით, კარგი იქნება თუ კი განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: საკვები პროდუქციის აუცილებელი მარკირება და ნაციონალურ დონეზე საკანონმდებლო აკრძალვის დაწესება, სწორედ ამ მოტივით მიმართავენ პარლამენტს.
რისკის შეფასების სამსახურის მიერ მოკვლეული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ბევრ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, მაქსიმალურად იზღუდება ტრანს-ცხიმების გამოყენება კვების ინდუსტრიაში. ამავდროულად კი საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ, რაციონში გამოყენებული ცხიმების მთლიან რაოდენობაში გაზრდილია სპრედებისა და მარგარინის ხვედრითი წილი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოხმარებული ცხიმის საერთო მოცულობაში ჰიდროგენიზებული ცხიმების და შესაბამისად, რისკის შემცველი, ინდუსტრიული ტრანს-ცხიმების შემცველობის ალბათობას.
დისკუსიაში მონაწილეთა განცხადებით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, რომლებიც უმეტესწილად სწრაფი კვების ობიექტების მომხმარებლებს წარმოადგენენ, ეს ობიექტები კი მრავლადაა გაჯერებული აღნიშნული ცხიმებით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, თუ რითი იკვებებიან საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გამომსვლელები მიიჩნევენ, რომ უპირველესად, აუცილებელია მომხმარებელთა ინფორმირება, შემოსაღებია ასევე სავალდებულო ეტიკეტირება. გაჩნდა მოსაზრება, რომ პირველი რიგის ამოცანას შესაბამისი ლაბორატორიის შექმნა წარმოადგენს, რათა შესაბამისი კვლევის შესაძლებლობა ჩვენსავე ქვეყანაში იყოს. ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია მზად იქნება.