პარლამენტში იხილება სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არავის დასჯას არ ითვალისწინებს

პარლამენტში იხილება სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არავის დასჯას არ ითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ენის შესახებ კანონი არავისთვის, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისთვის ზედმეტი ტვირთი არ იქნება.

როგორც უსუფაშვილმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე განაცხადა, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი უკვე ერთი წელია განიხილავს, სწორედ იმიტომ რომ ეს არის ფაქიზი თემა და კარგ მომზადებას საჭიროებს.

"საქართველოს პარლამენტში იხილება სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არავის და არაფრის დასჯას არ ითვალისწინებს, როგორც ამის თაობაზე არასწორად გავრცელდა ინფორმაცია. ამ კანონის ამოცანა იქნება ქართული ენის გამდიდრება და დაცვა და იმ ღონისძიებების საკანონმდებლო დონეზე ასახვა, რომელიც აუცილებელია და რაც ყველა სახელმწიფოში ტარდება. ეს კანონი არ იქნება არავისთვის ზედმეტი ტვირთი, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათთვის ვისთვისაც დედაენა სხვა ენაა, ეს იქნება პირიქით დამხმარე იმისა, რომ ყველამ შეძლოს სახელმწიფო ენაზე სათანადოდ საუბარი და ამ თვალსაზრისით ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის პრობლემები არ ჰქონდეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის სექტემბრიდან არის ინიცირებული და ამ დროის მანძილზე ის პირველი მოსმენით მხოლოდ განათლების კომიტეტში იქნა განხილული.