საქართველოს მოსახლეობის ძალიან სერიოზულმა ნაწილმა სამწუხაროდ, ქართული ენა სათანადოდ არ იცის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც ის დედაენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო.
"დღეს არის დედაენის დღე. ესე იგი, დღეს არის ჩვენი სამშობლოს დღე, ქართველობის დღე, საქართველოს დღე, იმიტომ, რომ ქართული ენა ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობის, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ეს დღე მიულოცა ყველას, ვინც ქართულ ენას სწავლობს.
"სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ძალიან სერიოზულმა ნაწილმა სახელმწიფო ენა, ქართული ენა სათანადოდ არ იცის და ამას სჭირდება სერიოზული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა. ჩვენ ენის ძალიან მდიდარ ისტორიას სჭირდება სერიოზული ყურადღება დღეს, იმიტომ, რომ ახალი გამოწვევები აქვს ქართულ ენას - გლობალიზაციის, ინტერნეტიზაციის, ელექტრონიზაციის, კომპიუტერიზაციის ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა და ბევრი სხვა უწყება ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებს ამ მიმართულებით და თავის მხრივ, პარლამენტიც ცდილობს ხელი შეუწყოს ენის განვითარებას.