პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მინიმუმამდეა დაყვანილი ის რისკები რის გამოც პანკისის ხეობიდან ადამიანები სირიაში საბრძოლველად მიდიან.
როგორც სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი სირიაში წასული მებრძოლების რაოდენობაც. სესიაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სირიაში მყოფი პანკისელი მებრძოლები საქართველოში დაბრუნებას არც აპირებენ.
"ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი ის რისკები, რის გამოც ეს ადამიანები იქ ხვდებიან. ძალიან დიდი იყო რიცხვი წასულების, რადგან თავიდან ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის კონტროლი. როცა ახალი რისკები წარმოიქმნება, თავიდანვე ვერ მოერევი. ძალიან ბევრი დაბრუნდა. მათ შორის ბევრი წავიდა და მიხვდა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო და დაბრუნდა. უშიშროების სამსახურები ძალიან სერიოზულად მუშაობენ", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემას ხედავდა, მაგრამ ქართულ სპეცსასამხურებს, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, ხელშეწყობა არ უგრძვნიათ მათგან ისე როგორ საჭირო იყო.
რაც შეეხება წასვლის მიზეზებს, სესიაშვილის თქმით, 80-90 პროცენტი წასვლის მიზეზი არის არა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არამედ იდეოლოგია და რელიგიური მიმდინარეობები, რომლებიც მათ ცხოვრების წესად უწესებენ ასეთ ქმედებებს.
მისივე თქმით, ქართული სპეცსამსახურებისთვის კარგად არის ცნობილი თუ ვინ ახდენდა ე.წ. ვერბოვკას ადგილობრივ ახალგაზრდებზე. სესიაშვილის განმარტებით, სამუშაოების შედეგად პირდაპირ აღარ ხდება ე.წ. ვერბოვკა.
"ახლა მიდის ფარულად საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ადვილად ჩასათრევია, რადგან სხვა მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად გვაქვს სამუშაოები ჩატარებლი. ახლა აქცენტი მიდის უკვე ბავშვებზე, სკოლის მოსწავლეებზე", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოდან გასული ადამიანების პროცენტული რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე პატარაა.
"ასე რომ, ეს ის პრობლემაა, რომელსაც სახელმწიფო ყურადღებას აქცევს და ყველაფერს აკეთებს ყველა რისკის შესამცირებლად", - აღნიშნა დეპუტატმა.