სათბური გაზების გამოტყორცნა გამყინვარების მომდევნო პერიოდის დადგომას აფერხებს. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ.
ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფმა სამეცნიერო ჟურნალ Nature Geoscience-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ახალი მონაცემები კლიმატის ცვლილებებზე დედამიწის ორბიტის ვიბრაციისა და სხვა მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შესახებ.
ბრიტანული სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელ დოქტორ ლიუკ სკინერის განცხადებით, „სათბური გაზების გამოტყორცნის საერთოდ შეწყვეტის შემთხვევაშიც, გამყინვარეებათაშორისი პერიოდი დედამიწაზე მაინც გახანგრძლივდება და მისი ხანგრძლივობა იმ ბუნებრივი პროცესებით განისაზღვრება, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზეა პასუხისმგებელი“.
დოქტორ სკინერის ჯგუფის შეფასებით, რომელშიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ფლორიდის უნივერსიტეტის და ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერები გაერთიანდნენ, გამყინვარების ახალი პერიოდი დაიწყება მაშინ, როდესაც ატმოსფრეოში ნახშირორჟანგის შემცველობა 240 პპმ-მდე (ნაწილაკი/მილიონზე) შემცირდება, ანუ CO2-ის მოლეკულათა რაოდენობა მიაღწევს 240-ს - ატმოსფერული გაზის მილიონ მოლეკულასთან შეფარდებით.
ამ დროისათვის ეს მაჩვენებელი 390 პპმ-ს შეადგენს.
ბრიტანელ მეცნიერთა დასკვნები მოწმობს, რომ გამყინვარების მომდევნო პერიოდი უახლოესი 1500 წლის განმავლობაში უნდა დადგეს, მაგრამ ეს არ მოხდება, სათბური გაზებით დედამიწის ატოსფეროს გაჯერების გამო.
სხვა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ატმოსფეროში სათბური გაზების გამოტყორცნის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემთხვევაშიც, CO2-ის დონე გაზრდილი დარჩება სულ მცირე 1000 წლის განმავლობაში, ამასთან მსოფლიო ოკეანე სითბოს ისეთ რაოდენობას შთანთქავს, რომ პოლარული ყინული დნობას დაიწყებს, ხოლო, ზღვის დონე აიწევს.
უკვე განიხილება ვერსია, რომ ანთროპოგენური ფაქტორები, მათ შორის ატმოსფეროში სათბური გაზების გამონაბოლქვის ზრდა, რომელიც ხელს უშლის გამყინვარების პერიოდის დადგომას, დადებითი ზემოქმედებაა.
გამყინვარების უკანასკნელი პერიოდი დაახლოებით 11,5 ათასი წლის წინათ დასრულდა და მეცნიერები დღემდე კამათობენ, როდის დაიწყება შემდეგი.
ჯერ კიდევ 1999 წელს ცნობილი ასტრონომები სერ ფრედ ჰოილი და ჩანდრა ვიკრამასინგჰი მიუთითებდნენ, რომ გამყინვარების ახალ პერიოდს ხალხის მასობრივი განადგურება მოყვებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დედამიწის მეტად დიდ ტერიტორიაზე გახდებოდა შეუძლებელი.