დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია

დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი კანონმდებლობით, ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა მოსაზრება აქვს მას ნეპოტიზმის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.

"ის კანონები, რაც მიღებულია, უნდა დავიცვათ. დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები არის აკრძალული. თუ ამას ვინმე არღვევს, იმისთვის დაწესებულია კონკრეტული პასუხისმგებლობა. ასე რომ,  ზოგადად, თემა, იმის თაობაზე, რომ საჯარო სამსახური უნდა იყოს გამჭვირვალე, მოსამსახურეების დასაქმება უნდა ეფუძნებოდეს შრომით უნარჩვევებს, პროფესიულ გამოცდილებას და სხვა ამ საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოგვარებულია. მას სჭირდება შესრულება, აღსრულება. თუ ვინმე რაიმე უკეთესს და ეფექტურს გვთავაზობს, ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ნეპოტიზმის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით, რომლის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს იგეგმება.