"დღეს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ"

საქართველსო პრეზიდენტის განცხადებით, 1978 წლის 14 აპრილს ქართველებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ვერავინ შეძლებს ეროვნული თვითმყოფადობის საფუძვლის ამოძირკვას.

გიორგი მარგველაშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, 37 წლის წინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკების ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი არ შეუშინდა რეალურ განსაცდელს და რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ხალხის გვერდით დადგა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაც.

"მასობრივ მსვლელობას დედაქალაქში, საპროტესტო აქციებს სხვა ქალაქებში მოჰყვა უაღრესად მნიშვნელოვანი გარდატეხა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მოსკოვი იძულებული გახდა ხალხის ნებისთვის დაეთმო. ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობამ თვით დიქტატურის პირობებშიც კი შეიძლება გამოიღოს პოზიტიური შედეგი. ეს იყო უნიკალური შემთხვევა-პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოეთში, როდესაც გმირობის ტოლფასმა სახალხო ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. მეტიც -ეს იყო ნიადაგის მზადება დამოუკიდებლობის აღსადგენად, რომლისკენ სწრაფვასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა. პირადად ჩემთვის ეს იყო მთელი ცხოვრების ერთ-ერთი დაუვიწყარი და განმსაზღვრელი შთაბეჭდილება - პირველი პოლიტიკური აქცია, რომელსაც სკოლიდან გამოსული, თანაკლასელებთან ერთად შევუერთდი.

1978 წლის 14 აპრილს ქართველებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის იმ საფუძვლის ამოძირკვას, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაუძლო მომხდურთა ბრძოლას მის წასაშლელად.

ჩვენ დღეს მადლობას ვეუბნებით სამშობლოსათვის გულანთებულ თითოეულ ადამიანს, რომელიც 37 წლის წინ საქართველოს ქუჩებში იდგა.

დღევანდელ თაობებს კი გვაკისრია მოვალეობა: აღვუდგინოთ თავისი განსაკუთრებული ადგილი ქართულს - მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, უნიკალური და ულამაზესი ანბანის მქონე ენას, ხელი შევუწყოთ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს მის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი",-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში