რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ჯგუფი “Black Sabbath”-ის მედოლე ბილ უორდმა კოლეგებთან გაერთიანებაზე სასტიკი უარი განაცხადა.
მუსიკოსის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის არახელსაყრელი ფინანსური პირობები რომელიც მას ჯგუფში დაბრუნების სანაცვლოდ შესთავაზეს.
უორდის ინფორმაციით, გაერთიანებულ ჯგუფში გამოსვლისათვის მას ისეთი მცირე ანაზღაურება დაუნიშნეს რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მსოფლიო როკ-მუსიკის ვეტერანის მტკიცებით, ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ სცენაზე დამწყები მუსიკოსებიც კი არ გამოდიან.
“Black Sabbath”-ის დანარჩენი წევრები ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და ახალ სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობენ. ამ ალბომის მომზადება ქალაქ ლოს-ანჯელესში დაიწყეს, მაგრამ ახალი წლის წინ გიტარისტ ტონი აიომის ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მუსიკოსი მკურნალობის კურსს ლონდონში გადის. ამ მიზეზის გამო ოზი ოსბორნი და ბას-გიტარისტი გიზერ ბატლერი დროებით ინგლისში გადასახლდნენ და დისკზე მუშაობა ლონდონის ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში გააგრძელეს.
ორი დღის წინ “Black Sabbath”-ის წევრებმა პრეს-კონფერენცია მოიწვიეს და შემდეგი ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.
“საწყენია რომ ბილ უორდმა ჯგუფში დაბრუნების სანაცვლოდ გარკვეული ფინანსური მოთხოვნები წამოაყენა. სამწუხაროდ მის გაზრდილ მადას ვერ ვაკმაყოფილებთ. “Black Sabbath” მხოლოდ ბილ უორდი არ გახლავთ და ახალ ალბომზე მუშაობას მის გარეშე გავაგრძელებთ. გვინდა ბილს მივმართოთ, რომ თუ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, ჯგუფში მისი ადგილი ყოველთვის მოიძებნება.”
დღეისათვის ცნობილია რომ “Black Sabbath” ევროპის კონტინენტზე 15 კონცერტს გამართავს. ტურნე მომავალი წლის 18 მაისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.