თანამედროვე ქართველი მხატვრების: ირაკლი სუთიძის, თენგიზ ცხონდიას, ომარ კაჭკაჭიშვილის და გურამ ნავროზაშვილის ნამუშევრები, რომლებიც ეროვნული მუზეუმიდან კულტურის სამინისტროში იყო გადატანილი, ჩეხეთში, საქართველოს საელჩოს მოსართავად წაიღეს. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მუზეუმების განყოფილებაში გვითხრეს.
ჩეხეთში ჩვენი საელჩოს მორთვის ბედით პრესა.გე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შეიტყო, რომ თანამედროვე ქართველი მხატვრების: ედმონდ კალანდაძის, ალექსანდრე ბანძელაძის და ჯიფსონ ხუნდაძის ნამუშევრები, ჩეხეთში გასაგზავნად გამზადებული, შეფუთული იდო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.
ინფორმაციის გადასამოწმებლად კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ცხადაძეს ტელეფონით დავუკავშირდით და ინტერვიუ სათაურით – ხელოვნების მუზეუმიდან 3 ტილო გააქვთ! 17 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ, რომელშიც დავით ცხადაძე ამბობს, რომ ხუნდაძის, ბანძელაძის და კალანდაძის ნამუშევრების გატანის იდეა არსებობდა, მაგრამ სამინისტრო ჩამოყალიბებული არ იყო კონკრეტულად ამ ნამუშევრებს წაიღებდნენ თუ არა.
დღეს სანამ კულტურის სამინისტროს დავუკავშირდებოდით, ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანა ვერულაშვილს დავურეკეთ. მან ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე წუთი ითხოვა და შემდეგ გვითხრა, რომ “იმ მუზეუმებიდან, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედიან, ჩეხეთის საელჩოს მოსაწყობად არაფერი წაუღიათ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი; გიორგი ჩიტაიას სახელობის მუზეუმი ღია ცის ქვეშ; შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა; სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი; აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი; სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; სიღნაღის მუზეუმი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი.
ამის შემდეგ კულტურის სამინისტროში დავრეკეთ, რათა გაგვერკვია, რომელიმე სხვა მუზეუმიდან ხომ არ გაიტანეს ჩეხეთში ნამუშევრები, საქართველოს საელჩოს მოსართავად. მუზეუმების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, მაკა ბურჭულაძემ გვითხრა, რომ ჩეხეთის საელჩოს მოსაწყობად ირაკლი სუთიძის, თენგიზ ცხონდიას, ომარ კაჭკაჭიშვილის და გურამ ნავროზაშვილის ტილოები წაიღეს:
“ეს ნამუშევრები არის ეროვნული მუზუემის, მაგრამ აქ იყო და შეთანხმების და დოკუმენტების გაფორმების შემდეგ იქ წავიდა, დროებით, 1 წლით სარგებლობის ვადით, 2010 წლის 20 სექტემბრიდან 2011 წლის 20 სექტემბრამდე“.