ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჩემი თხოვნის საფუძველზე კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გამოხატა თავისი პოზიცია - ამჯერად „სახალხო პარტიის“ მიერ გამოგზავნილ პასუხებს გთავაზობთ კითხვებზე:
„გთხოვთ, მაცნობოთ თქვენი პოლიტიკური ძალის/საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით - უჭერთ თუ არა მხარს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ისტორიულ საქართველოში ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას?
თუ მეჩეთის აშენებას მხარს უჭერთ, მაშინ გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ და თუ მხარს არ უჭერთ, გთხოვთ, მაცნობოთ რა მიზეზით, რის გამო ეწინააღმდეგებით „აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას“.
„აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებზე „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის წერილობითი პასუხი ასეთია:
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მკვეთრად გამოირჩევა არა მხოლოდ უპასუხისმგებლობით და ულოგიკობით, არამედ თავისი ანტიქართული ბუნებით. მისთვის უცხოა ეროვნული ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. საქართველოს ხელისუფლება, შეგნებულად მტრობს რა ქართულ სახელმწიფოებრიობას, მიეჩვია საზოგადოებრივი აზრის არად ჩაგდებას ისეთი მსხვილმანი საკითხების გადაწყვეტისას, სადაც საქმე ეროვნულ ინტერესებს და ქართული სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს ეხება.
ამ ტიპის ქმედებას წარმოადგენს თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულები გაფორმება, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან მომზადდა და რომლის გარკვეული პუნქტების გამოაშკარავებამ ჩვენს ხალხში უკვე გამოიწვია ბუნებრივი ვნებათაღელვა და სამართლიანი აღშფოთება.
ხელისუფლება ხელშეკრულების შინაარსს საგულდაგულოდ იმიტომაც მალავდა, რომ თავადაც იცოდა - ის უსაფრთხოების ელემენტების შემცველი იყო. ქართული საქმის დამალვა მას არ დასჭირდებოდა.
ხელისუფლებას შეეძლო ამ პრობლემის გადასაწყვეტად მოეძებნა გონივრული სხვა საშუალებებიც, რომელიც მას არც უცდია; თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ძეგლების გადარჩენის გზა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის. მან ყველაზე პრიმიტიული და ქართული ინტერესებისთვის საზიანო გზას მიაკვლია. როგორც სჩვევია, მან ახლაც საკუთარი ხალხი არასახელმწიფოებრივი არჩევანის წინაშე დააყენა, რაც სინამდვილეში ასე ფორმულირდება - ან ჩვენი ისტორიულ-კულტურული ღირებულების არქიტექტურული ძეგლების გადარჩენა ნგრევისგან, ან ისლამის (რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, როგორც სარწმუნოება კი არ აინტერესებს, არამედ როგორც საქართველოს მულტიკულტურული მრავალფეროვნების დამტკიცების საშუალება), უცხო ქვეყნის (თუნდაც მეგობრად აღიარებულის) იდეოლოგიური კერების ხელოვნური სტიმულირება და შიდა ქართული დაპირისპირების (რელიგიურ ნიადაგზე) პროვოცირება.
დღეს, მხოლოდ ტანკებითა და თოფ-იარაღით აღარ ხდება ქვეყნებისა თუ ქვეყნის გარკვეული ნაწილის მიტაცება-მითვისება (რუსეთი, როგორც ჩანს, ერთადერთი გამონაკლისია დღევანდელ მსოფლიოში). თანამედროვე სამყაროში ავანსცენაზე იდეოლოგია და ფინანსები გამოვიდნენ. თურქეთს რომ ყოველთვის ჰქონდა აჭარის ინტერესი, ეს ცხადზე უცხადესია (ამას არც თვითონ უარყოფს). ასევე ჩვენც უნდა გამოვხატოთ და რეალიზება გავუკეთოთ ჩვენს ინტერესებს (საკუთარი უსუსურობის კომპლექსი უნდა მოვიხსნათ).
ამიტომ, ამ საკითხს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ, მაგრამ, როდესაც შენი ხელისუფლება ხელახლა აშენებს საქართველოს ამ ნაწილში უცხოელ დამპყრობთა ბატონობის მძიმე პერიოდის გამომხატველ ნაგებობას (არაფერს ვამბობთ მის საკულტო მნიშვნელობაზე), ეს ნათლად გამოხატავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მზადყოფნას სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაზე.
მით უმეტეს, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ თემის გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ წამოწევა (სომალიში დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლების პერიპეტიები, მასში თურქული მხარის როლის და საქართველოს ხელისუფლების თავმოწონების გათვალისწინებით) პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სურვილს მოიპოვოს თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე, რამაც, შეიძლება, ორ ქვეყანას შორის მომავალში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
რაც შეეხება ქართველ მუსლიმთა ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას, ქართველ მუსულმანთა ინტერესების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს საქმეა და არა თურქეთის სახელმწიფოსი. როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართველ მუსულმანთა თემა იყოს სხვა სახელმწიფოსთან ხელშეკრულების საგანი? ასეთი ხელშეკრულების არსებობა აღიარებაა იმისა, რომ ქართველი მუსულმანების ინტერესთა დამცველი იყოს სხვა სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლის პროცესს შევუწყოთ ხელი.
თუ ქართველი მუსულმანები თავიანთი რელიგიური მოთხოვნილების დაკმყოფილებისთვის საჭიროებენ კიდევ დამატებით შენობებს, ეს თურქეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკების საგანი ვერ უნდა გახდეს, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხია.
სამწუხაროდ, საზოგადოების და რაც მთავარია, მრევლის ერთიანი აქტიური ქმედება ვერ ხორციელდება. სწორედ ჩვენმა ამგვარმა დამოკიდებულებამ გაუხსნა ხელ-ფეხი ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც უკვე თითქმის დარწმუნებულია მრევლის უუნარობაში და ყოველგვარი მორიდების გარეშე აკეთებს იმას, რაც უნდა, და ისე, როგორც უნდა, ხოლო, ეროვნული ინტერესებით, რომ არ ხელმძღვანელობს, ეს ცხადზე უცხადესია.
ამიტომ დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი დასაცავი ჩვენ დავიცვათ! მრევლის აქტიურობასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაცნობიერებაზეა დამოკიდებული, წინ აღვუდგებით თუ არა საქართველოს შიგა და გარე მტრების ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებს“.