თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დადასტურების საკითხის განხილვას 13.00 საათზე დაიწყებს.
სასამართლო პროცესს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს.
შალვა აბულაძეს ბორჯომში პოლიციელის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეფარდებული ჰქონდა. აბულაძე გუშინ გამთენიისას დააკავეს. პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მკვლელობის საქმე ბორჯომში მოკლული პოლიციელის საქმესთან გაერთიანდა და პროკურატურამ ერთ წარმოებად წარადგინა სასამართლოში. მოსამართლე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით, აბულაძისთვის შეფარდებული პატიმრობის დადასტურებაზე იმსჯელებს.
პროცესს ბრალდებული შალვა აბულაძე დაესწრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.