თამუნა ლეფსვერიძე, "გურიანიუსი"
სანამ ქართული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ მინდორზე ახალი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით და მისი მედია-ინტერესების გარკვევით იყო დაკავებული, თბილისის ტელეანძაზე მეტად საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა.
2011 წლის 28 ნოემბერს, საჯარო რეესტრში კიდევ ერთი ცვლილება დაფიქსირდა, რომლის თანახმადაც, ტელეანძის გენერალურ დირექტორად ვინმე ვასილ კავაძე დაინიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის 4-თვიანი უმოქმედობის შემდეგ, ახალი მმართველი თავისი უფლებამოსილების გახორციელებას შეუდგა.
კავაძის გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე, ტელეანძის ირგვლივ იდუმალებით მოცული ამბები დატრიალდა, რომლის ამოხსნასაც ქართული მედია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, უშედეგოდ ცდილობდა.
თბილისის ანძისა და ტენდერის ისტორია, რომელსაც მოგვიანებით მედიის დიდმა ნაწილმა "მაფიოზური გარიგება" უწოდა, ასე დაიწყო:
2011 წლის 18 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაიწყო ონლაინ აუქციონი, რომელზეც შპს "ალფა-კომის" მართვის უფლება გამოიტანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
შპს "ალფა-კომი" წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 გადამცემ ანძას ოპერირებდა. მათ შორის გახლდათ თბილისის 1972 წელს აშენებული 275-მეტრიანი ტელეანძა და 30-ზე მეტი სხვა სატელევიზიო ანძა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ ტექნიკური საშუალებებით კი 30 რადიო და 16 ტელეკომპანია სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე.
აუქციონის დასრულების ვადად 2011 წლის 1 აგვისტო, 17:00 საათი დასახელდა. აუქციონში გამარჯვებულს მართვის უფლებით უნდა ჩაებარებინა ისეთი საკვანძო ობიექტი, რომელიც მონოპოლიურად ფლობდა რადიო, სატელევიზიო და ტელეკომუნიკაციების მიწოდების სიგნალებს. აუქციონის ასეთი სწრაფი ტემპებით ჩატარება კი მთლიანად გამორიცხავდა მასში იმ უცხოელი თუ ადგილობრივი მყიდველის მონაწილეობას, ვინც ე.წ. "შიდა ინფორმაციას" არ ფლობდა.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინა შპს "ალფა-კომში". თუმცა, პირობებში არ იყო მითითებული, კონკრეტულად რა სახის ინვესტიციის გახორციელება იყო საჭირო. აუქციონის ვებ-გვერდი არ შეიცავდა მონაცემებს შპს "ალფა-კომის" საკუთრებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და მისი მდგომარეობის შესახებ.
შპს "ალფა-კომის" მართვის უფლების პრივატიზაციის სწრაფმა და მოულოდნელმა პროცესმა მედიაკომპანიებისთვის გაურკვეველი გარემო შექმნა; დამოუკიდებელი მაუწყებლების შეშფოთება იმ პირობებისა და ტარიფების გამო, რომელთაც ახალი ოპერატორი მაუწყებელთა სიგნალის გადაცემისათვის დააწესებდა, დღევანდელი რეალობის პირობებში, სულაც არ იყო მოკლებული საფუძველს.
მართვის უფლების შესაძენად სამინისტრომ საწყის ფასად 100 000 ლარი დააწესა. ონლაინ აუქციონის დაწყებიდან მეოთხე დღეს, შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა დაინტერესებულმა პირმა, – შპს "გოლდენ კომმა" გამოხატა და მიმდინარე ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ "ალფა-კომის" 4-წლიანი მმართველობის უფლება სწორედ შპს "გოლდენ კომს" გადასცა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, "გოლდენ კომი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო გახლდათ, რომელიც 2011 წლის 11 ივლისს, "ალფა კომის" მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული აუქციონის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა.
შპს "გოლდენ კომის" 100% წილის მფლობელი და ამავდროულად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური მეწარმე ვასილ ბოლაშვილი გახლდათ.
რა პრინციპით შეარჩიეს ვასილ ბოლაშვილი და რატომ მაინცდამაინც მასზე დაარეგისტრირეს "გოლდენ კომი"? სასტუმროების მეპატრონე ბოლაშვილს ტელენძასთან მცირეოდენი შეხების წერტილიც კი არ ჰქონია; ის ფორმალურად დასმული პერსონა იყო, რომელსაც, თავის დროზე, მმართველ პარტიასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
2008 წელს, საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეკომენდაციით, ვასილ ბოლაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად სიღნაღის რაიონში უნდა ეყარა კენჭი, თუმცა საარჩევნო სიის ირგვლივ ბურჯანაძისა და სააკაშვილის ცნობილი კონფლიქტის შემდეგ, ბოლაშვილი მმართველი პარტიის სიიდან ამოიღეს, ხოლო 2009 წლის მარტში, უკვე ოპოზიციაში მყოფი ბურჯანაძის პარტიის ჴ "დემოკრატიული მოძრაობის" ათამდე წევრთან ერთად, ვასილ ბოლაშვილის ვაჟი – გიორგი დააპატიმრეს. როგორც 2009 წლის 25 მარტს, ბოლაშვილის ვაჟის დაპატიმრების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა სააგენტო "პირველს" განუცხადა, "ვასო ბოლაშვილის კანდიდატურაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" უარი იმის გამო ითქვა, რომ მისი ბიზნესი გარკვეულ ეჭვებს იწვევდა".
2 წლის შემდეგ, თბილისის ტელეანძა სწორედ ამ "საეჭვო რეპუტაციის" მქონე ბიზნესმენს ჩააბარეს...
საიდუმლო ბრძანება #? – დაუბლოკეთ მედიას ყველა ინფორმაცია!
ვასილ ბოლაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრომ ოთხწლიანი მართვის უფლებით "საქართველოს ტელერადიოცენტრის" მრავალმილიონიანი უძრავ-მოძრავი ქონება მიჰყიდა, კავაძის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. 31 წლის გენერალური დირექტორის ბეგრაუნდი არც მედიასაქმიანობას უკავშირდება და არც ბოლაშვილის ბიზნესს. ვასილ კავაძე ნაკლებადაა ცნობილი მედიის წარმომადგენელთათვის და არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.
არაერთხელ დავუკავშირდით თავად ვასილ ბოლაშვილსაც. შეგვპირდა, რომ შეგვხდებოდა და ყველა კითხვაზე გაგვცემდა პასუხს, მაგრამ ინტერვიუ არ შედგა – მისი თქმით, ის ხან ქვეყნიდან იყო გასული, ხან უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა: "ვასილ კავაძეს დაუკავშირდით, მან ჩემზე ბევრად უკეთ იცის ის საკითხები, რაც გაინტერესებთ. არ არის პრობლემა, შეგხვდებათ და დაგელაპარაკებათ..."
როცა ბოლაშვილისგან ასეთ დამაიმედებელ პასუხებს ვიღებდით, თავად კავაძე ხელმძღვანელობის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის აკრძალვაზე გვესაუბრებოდა და ამის გამო წუხილსაც გამოთქვამდა: "სამწუხაროდ, თქვენთვის არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს. ვისაუბრე მმართველ კომპანიასთან და მითხრეს, ყველანაირი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეთო. რა ვქნა, ბოდიშს გიხდით. მე ერთი დაქირავებული თანამშრომელი ვარ."
ჩვენს კითხვაზე, მოდიოდა თუ არა ეს აკრძალვა ვასილ ბოლაშვილისგან, გენერალურმა დირექტორმა გვიპასუხა: _ ჯობია, ამის შესახებ თვითონ ბოლაშვილს კითხოთო.
მოკვლევის ავტორსა და კავაძეს შორის არაერთი სატელეფონო საუბარი შედგა და ყოველ ჯერზე, მასაც ჰქონდა ჩვენთან ერთადერთი კითხვა, – რამ გამოიწვია ჩვენი დაინტერესება მათი კომპანიით. მიუხედავად ჩვენი ახსნა-განმარტებებისა, რომ საქმე ეხებოდა კომპანიას, რომელსაც მმართველობაში გადაეცა თბილისის ტელეანძა და 30-ზე მეტი სხვა სატელევიზო ანძა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ვასილ კავაძე გვიმტკიცებდა, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი კომპანია იყო, არაფრით გამორჩეული სხვებისგან.
ვასილ კავაძე ერთადერთი არ იყო, რომელიც მმართველი კომპანიის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის აკრძალვაზე საუბრობდა.
"გურია ნიუსი" ანძის წინა მეპატრონის, "ალფა კომის" დირექტორის მოადგილეს, ბორის ადამიასაც დაუკავშირდა. კითხვაზე, – რა ცვლილებების გატარება დაიწყო ახალმა მმართველმა, ბორის ადამიამ გვიპასუხა: – შემოვიდა ახალი მმართველი, დანიშნა ახალი გენერალური დირექტორი უკვე მეორე თვეა და აგვიკრძალა მედიასთან ურთიერთობა. ის საკითხები, რაც ჟურნალისტებს აინტერესებს, ჩვენი განსჯისა და გავრცელების საგანი არ არის. თვითონ მაგათ უნდა მიმართოთ, რაიმე ინფორმაცია თუ გაინტერესებთ.
– ვასილ ბოლაშვილს გულისხმობთ?
– არა, ახალ გენერალურ დირექტორს, ვასილ კავაძეს. ნუ, ბოლაშვილმა დანიშნა თუ პეტრიაშვილმა, ნამდვილად არ ვიცი, ეგეც საიდუმლოა ჩვენთვის. მაგრამ დანიშნეს, რეესტრშიცაა გატარებული და შეგიძლიათ ნახოთ.
– მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი? თქვენც აღარ მუშაობთ იქ?
– არა, მე ვმუშაობ, როგორ არა, მაგრამ როგორც აგიხსენით, ის საკითხები, რაც ჟურნალისტებს აინტერესებთ, ჩვენი განსჯისა და გავრცელების საგანი არ არის.
– ანუ, ახალი მმართველისგან ყველანაირი ინფორმაციის გამჟღავნება აკრძალული გაქვთ...
– ეგრე გამოდის, რბილად რომ ვთქვათ.
– და არარბილად და პირდაპირ რომ ვთქვათ?
– რა ვიცი, თამუნა, მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვყოფილვარ არასდროს და არც ვიქნები არასოდეს. არ ვიცი ვის რა იდეები აქვს თავში. მე მარტო ერთი იდეა მაქვს, რომ ყველაფერმა კარგად იმუშავოს.
– ბატონო ბორის, ერთ კითხვასაც დაგისვამთ და იქნებ ამაზე მაინც მიპასუხოთ: სატენდერო პირობების შესრულება დაიწყო ახალმა მმართველმა?
– ისმენენ ამ ტელეფონს, თამუნა...
ლოგიკურად და ოფიციალურად, ბრძანება აკრძალვის შესახებ, ვასილ ბოლაშვილისგან უნდა გაცემულიყო, რადგან "გოლდენ კომის" 100%-იანი წილის მფლობელიც თავადაა და გენერალური დირექტორის დამნიშვნელიც.
თუმცა, ჩვენთან საუბრისას, მან კატეგორიულად უარყო რაიმე სახის აკრძალვის ფაქტი და განაცხადა: "ვასილ კავაძე თავისუფალი ადამიანია და მას ინტერვიუს მიცემას ვერავინ აუკრძალავს. თქვენ შეგიძლიათ მას ჩემი სახელითაც დაურეკოთ."
ერთი სიტყვით, პირველი მეორესთან გვამისამართებდა, მეორე – პირველთან, არცერთი უარს არ გვეუბნებოდა, მაგრამ შეხვედრა მაინც არ შედგა. ვასილ კავაძის ბოლო "არგუმეტი" ასეთი იყო, – შეიძლება ისეთი კითხვები დამისვათ, პასუხი არ ვიცოდეო. მან უარი გვითხრა წერილობითი სახით გაგზავნილი კითხვების პასუხზეც. ვასილ ბოლაშვილი კი საერთოდ აღარ პასუხობდა ჩვენს ზარებს.
საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ დასმულ არაერთ კითხვაზე, ახალი გენერალური დირექტორისგან მხოლოდ ორი დეტალის დადგენა შევძელით: ვასილ ბოლაშვილმა ის გენერალურ დირექტორად მენეჯმენტის კარგად ცოდნისა და ამ სფეროში არსებული დიდი გამოცდილების გამო დანიშნა და მეორე, – მან უკვე დაიწყო შემოვლა რეგიონებში ანძებზე არსებული სიტუაციის შესასწავლად.
შეგახსენებთ, რომ ვასილ ბოლაშვილი იმ კომპანიის სამართავად შევიდა, რომლის დებიტორული ვალი 7 მილიონს, ხოლო კრედიტორული ვალი 3 მილიონ ლარს აღწევს.
6 თვის შემდეგ, აგვისტოდან დღემდე, არც მას და არც მის მიერ დანიშნულ გენერალურ დირექტორს არ აქვს კითხვაზე პასუხი, როგორ და რა მეთოდებით აპირებენ ამ ვალის ამოღებას. განსაკუთრებით კი იმ კითხვაზე უჭირთ პასუხის გაცემა, მომავალი 4 წლის მანძილზე, როგორ აპირებენ ტენდერის პირობებით გათვალისწინებული 12 მილიონი დოლარის ინვესტიციის გახორციელებას.
ვისი კადრია ვასილ კავაძე და რა აკავშირებს მას გიორგი რურუასთან?
ერთი შეხედვით, ვასილ კავაძე ნამდვილად ტოვებს ფორმალურად დანიშნული დირექტორის შთაბეჭდილებას, რომ არა მისი მეტად საინტერესო ბიზნესკავშირები.
1981 წლის 24 აპრილს დაბადებული ვასილ კავაძე ტელეანძის გენერალური დირექტორობის პარალელურად, სასტუმრო "ბაკურიანი პლაზას" გენერალური დირექტორიცაა. როგორც თვითონ აცხადებს, ეს ტელეანძასთან კავშირში არ არის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, "ბაკურიანი პლაზას" 100%-იანი წილის მფლობელი და კავაძის ბიზნესპარტნიორი ვინმე ნინო ვასაძეა. ტელეანძის გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ერთი თვით ადრე, კავაძე "ბაკურიანი პლაზას" თავის კუთვნილ წილს სწორედ ნინო ვასაძის სასარგებლოდ თმობს.
32 წლის ნინო ვასაძეს კავაძე პარტნიორობას მხოლოდ ამ ერთ ობიექტზე არ უწევს.
ტელეანძის ახალ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთი ბიზნესი ჰქონდა ჩაბარებული – ის კომპანია "ემჯიაის" წარმომადგენელი გახლდათ. ყველაზე საინტერესო ჯაჭვი სწორედ ამ კომპანიის ირგვლივ იკვრება:
აღნიშნული კომპანია თარხნიშვილის #2 მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიას (3854კვ.მ) ფლობს. ამ ტერიტორიაზე საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სამშობიარო სახლი და მის ბაზაზე არსებული საექთნო სასწავლებელია განთავსებული.
ტელანძის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, თავის დროზე, უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროცესს, რომელიც "ემჯიაისა" და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარეობდა. საუბარია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს "ემჯიაის" შორის 2007 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2.4. მუხლით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის - 2 475 000 აშშ დოლარის ნაცვლად, საბანკო გარანტიის ოდენობის საბაზრო ღირებულების მქონე მაღალლიკვიდური უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
მოგვიანებით, 2010 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით, "ემჯიაიას" საკონტროლო პაკეტის 65%-ს მფლობელად კვლავ ნინო ვასაძე გვევლინება – ვასილ კავაძის ბიზნესპარტნიორი. დარჩენილი 35%-ის მფლობელი კი ერობაში დიმიტრი ჭუაძე, ბერობაში – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე გახლავთ.
ყველა დეკლარირებული ბიზნესოპერაცია, რასაც კავაძე ოფიციალურად ახორციელებს, ნინო ვასაძეს უკავშირდება.
ვინ არის ნინო ვასაძე და ვინ დგას რეალურად მის უკან?
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 32 წლის ნინო ვასაძე გახლავთ ცნობილი ბიზნეს-ლედის, სასტუმროებისა და საავადმყოფოების მეპატონის მანანა შარაშიძის ქალიშვილი.
2011 წლის 16 მარტის მდგომარეობით, "ემჯიაიას" საკონტროლო პაკეტი სწორედ მანანა შარაშიძეზე ფორმდება.
თუმცა, "ემჯიაიას" არქივი გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტებს ინახავს და მის დამფუძნებლებს შორის, ბევრად უფრო გავლენიან ფიგურებს ვაწყდებით, ვიდრე ექიმი-პროფესორი მანანა შარაშიძეა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანია "ემჯიაიას" დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ გიორგი (იგივე ჟორიკა) რურუა.
2007 წლის მდგომარეობით, რასაც საჯარო რეესტრის იმდროინდელი ამონაწერი მოწმობს, მისი წილი აღნიშნულ კომპანიაში 30%-ს შეადგენდა. მისი ბიზნესპარტნიორი გახლდათ მანანა შარაშიძის ქალიშვილი ნინო ვასაძე 25%-იანი წილით. ვასილ კავაძე კი, ამ პერიოდში, კომპანიის დირექტორი იყო. ასე შეიკრა სამკუთხედი თბილისის ტელეანძის გარშემო.
გამოდის, რომ ვასილ კავაძე არა მხოლოდ შარაშიძე-ვასაძესთან, არამედ გიორგი რურუასთან დაახლოებული პირიც ყოფილა.
ფაქტია ისიც, რომ ეს "უხილავი" გავლენიანი ხელი მანანა შარაშიძის წარმატებული ბიზნესის ყველა სფეროში იგრძნობა.
გარდა საპატრიარქოს სამშობიაროსი, მის მფლობელობაში შედის პირველი სამშობიაროს ბაზაზე არსებული "მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრი".
თავის დროზე, შარაშიძის მხრიდან პირველი სამშობიაროს შენობის ყიდვას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა, რაც ტენდერის დარღვევით ჩატარებას უკავშირდებოდა. მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შარაშიძისთვის სამშობიაროს 1 000 დოლარად მიყიდვა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ინტერესებში შედიოდა.
მაშინ მხოლოდ ჭორის საფუძველზე საუბრობდნენ იმაზე, რომ შარაშიძის ინტერესებში საპატრიარქოს სამშობიაროს ხელში ჩაგდებაც შედიოდა. კომპანია "ემჯიაის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი, დღეის მონაცემებით, სწორედ მანანა შარაშიძეა.
თუმცა, ამ წარმატებული ბიზნესლედის თვალსაწიერი მხოლოდ საავადმყოფოებით არ შემოიფარგლება.
ვასილ ბოლაშვილის მსგავსად, მანანა შარაშიძეც არაერთი სასტუმროს მეპატრონეა, მათ შორის, ყველასთვის კარგად ცნობილი "ვერე პალასის".
ყველაზე გახმაურებული ამბავი, რომელიც ამ ქალბატონს უკავშირდებოდა, აწ უკვე დანგრეული სასტუმრო "პოსეიდონის" ირგვლივ ატეხილი სკანდალი გახლდათ. საკმაოდ შელახული რეპუტაციის მქონე სასტუმროს დანგრევას მოსახლეობის ის ნაწილი ითხოვდა, რომელიც "პოსეიდონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამ სასტუმროს ერთ-ერთ მფლობელად მაშინ სწორედ მანანა შარაშიძე სახელდებოდა.
მაშინ, "ახალგაზრდა დემოკრატების" სახელით მოქმედმა საქართველოს ხელისუფლებამ, "პოსეიდონი" ერთ საათში დაანგრია და მადლიერი ხალხის თვალში მორიგი ქულა ჩაიწერა. ეს ამბავი 2006 წლის 17 ნოემბერს მოხდა და ალბათ კიდევ მომდევნო 6 წელი არ გაგვახსენდებოდა, რომ არა თბილისის ტელეანძა და ის ჯაჭვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.
ვასილ ბოლაშვილი, ვასილ კავაძე, ნინო ვასაძე, მანანა შარაშიძე და გიორგი რურუა... ვინ არის ანძის რეალური მეპატრონე? მოახლოებული არჩევნების წინ ვინ გადაწყვეტს 30 რადიოსა და 16 ტელეკომპანიის პირობებსა და ტარიფებს?
პასუხი ამ კითხვებზე დღესაც გაუცემელია. სავარაუდოდ, ახალი მმართველები დუმილის უფლებას 2015 წლამდე შეინარჩუნებენ. სწორედ ამ დროს ეწურებათ მათ მართვის უფლება.
მაგრამ 2015 წელს რომელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უწყების მოვალეობა იქნება ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტზე განვითარებული მოვლენები შეაფასოს? ან რაიმეს გამოსწორება დაგვიანებული ხომ არ იქნება? პასუხის გამცემი ამ კითხვებზე არავინაა.
"გრიფით საიდუმლო" ტელეანძის მფლობელებს წინ მთელი 4 წელი აქვთ.
1764
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85