ებრაელი მსახიობები

ებრაელი მსახიობები "ბნელ ბაღში" გვეპატიჟებიან

თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო, თეატრის ქართველი მოყვარულების განსაკუთრებული ინტერესი თბილისში ჩამოსული უცხოური თეატრების სპექტაკლებს ხვდა წილად. ერთ–ერთი ასეთი სპექტაკლს, რომელიც ებრაელმა რეჟისორმა – რამი ბე’ერმა დადგა სახელწოდებით – “ბნელ ბაღში“, ქართველი მაყურებელი 13 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში  იხილავს.

მუსიკა ბე’ერის საცეკვაო კომპოზიციის მთავარი ხაზია. იგი წერს სიტყვებს და იგონებს ტონალობას, აერთიანებს ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ეფექტს და, ამავე დროს, ასრულებს ჩელოს პარტიას.

პირველ სცენას სხვა პლანეტაზე გადაჰყავხარ, მაგრამ თითქოს გეცნობა კიდეც ეს ეგზოტიკური მხარე. შორიდან მოისმის შტორმის ექო. ოაზისში ტალღები ლივლივებენ, საჰარა გაგონდება, ცხელი უდაბნო ყვითელი ზღვასავით შრება.

ჩვენს თვალწინ ადამიანები და ცხოველები მოძრაობენ. ზიხარ სკამზე მიჯაჭული და იძაბები, როცა სცენაზე ოთხფეხა წარმონაქმნი შემოდის. წინასწარ ხვდები, რომ მოდის, `საშიში” მუსიკა გამცნობს (ისეთივე, როგორიც `პიტერსა და მგელშია”). მისი გრძელი, მძიმე თმა იატაკს ეფინება. მტაცებელი ვეფხვივით გრაციოზულია, ნახტომისთვის ემზადება. არაბუნებრივად, წრეზე მოძრაობს, თითქოს სხვა განზომილებაშია, ხელები კი უკანა აქვს ამოტრიალებული, გეგონება იატაკი მაგნიტივით იზიდავსო. ზამბარასავით აქეთ-იქით ირწევა.
მეორე ჭუპრია, სახვევში მჭიდროდ გამოკრული, დამტვრეული კიდურები ჩამოუყრია. ხვნეშა ისმის: `ფეხებით აიტაკს ვეღარ ვწვდები, ვეღარ ვიცეკვებ”.

შემდეგი ცეკვა დაფაზე სრულდება. მოცეკვავეები წითელ, ლურჯ და ყვითელ ფერს ქმნიან. მერე ყველაფერს შავი შთანთქავს და ბოლოს კი რჩება თეთრი სიცარიელე.
ბე’ერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერჟანტ პეპერის ალბომის
ყდამ. კოსტიუმები სწორედ მე-19 საუკუნის ევროპელი ჯარისკაცების უნიფორმის სტილშია შესრულებული _ გრძელი, ღილებით შეკრული კაბა სამ ძირითად ფერშია გადაწყვეტილი. მსახიობები ისე მოძრაობენ, როგორც ფიგურები ჭადრაკის დაფაზე. მოცეკვავეები სივრცეში წინ და უკან, ზევით და ქვევით გადაადგილდებიან.

დროდადრო კი დაფაზე ლურჯ, წითელ და ყვითელ კვადრატებად განლაგდებიან.
"მე ვაერთიანებ მუსიკას, ტექსტს, ვიზუალურ ეფექტებს და პლასტიკას" -  ამბობს რამი - ვიყენებ შთაბეჭდილელებს, რასაც გულუხვად გვაძლევს სამყარო. ცეკვა ჩემთვის ცხოვრების გზაა. მწამს, რომ ნებისმიერ ხელოვნებას შეუძლია გამოხატოს ადამიანის განწყობა, შინაგანი მდგომარეობა და ეგზისტენციალური არსის ძიების წყულვილი აღგვიძრას. სამოგზაუროდ გიწვევთ, შემომიერთდით. მე მხოლოდ თოკის ერთ ბოლოს გამოგიწვდით, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია”.

როცა რამის ეკითხებიან, თუ რა არის მისი შთაგონების წყარო, იგი პასუხობს: "ყველაფერი - რაიმე მილოდია, უცნაური საგანი, მზის სხივი წვიმის წვეთებით დანამულ ფოთოლზე.”