ეს იყო დნმ-სთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება - მინდია ჯანელიძის კომენტარი აგვისტოს ომში დაღუპული 42 ჯარისკაცის ფრაგმენტების დაკრძალავაზე

ეს იყო დნმ-სთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება - მინდია ჯანელიძის კომენტარი აგვისტოს ომში დაღუპული 42 ჯარისკაცის ფრაგმენტების დაკრძალავაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო. როგორც ჯანელიძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, სამიტის გამო არ ჰქონდა დრო, რომ დაკრძალვას დასწრებოდა.

"2 აპრილს იყო სამმხრივი სამიტი აზერბაიჯან-თირქეთ-საქართველოს შორის. ვისაუბრეთ, საინტერესო შეხვედრები და საუბრები გვქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობაზე. მთელი დღე იყო დატვირთული. ჩვენ გავთავისუფლდით საღამოს 21:00 საათზე. გენერალური შტაბის უფროსი და პირველი მოადგილე ჩართული იყვნენ ამ სამიტის მუშაობაში. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსის ორი მოადგილე", - განმარტა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების. "ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით ისმება თითიდან გამოწოვილი შეკითხვები. ძალიან ბევრის ოჯახის წევრი ვერ დაესწრო ამ ღონისძიებას. თავდაცვის სამინისტრომ მიაგო და ყოველთვის მიაგებს პატივს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს", - აღნიშნა ჯანელიძემ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვას, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.