იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც გაჭიანურებული საქმეების გამოძიებას ეხება.
როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, ამ საქმეებზე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს და დადგეს ადეკვატური სასჯელი.
წულუკიანის თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სექტემბრიდან პროკურატურამ ყველა მექანიზმი აამოქმედა ამ საქმის ეფექტურად გამოსაძიებლად და ეს გამოძიება სექტემბრის თვიდან სწრაფად წავიდა.
"თავის დროზე ბატონი იური ვაზაგაშვილიც იყო, როგორც დაზარალებული ჩართული ამ პროცესში და გამოთქვამდა დაჩქარებული გამოძიების ტემპით კმაყოფილებას. მერე გახსოვთ დიდი ტრაგედია მოხდა და ის ვეღარ მოესწრო უკვე შესაბამის საქმეში ჩართული პირების დაკავებას. რაც შეეხება თავად იური ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებას, აქაც ძალიან სწრაფად იქნა დადგენილი სავარაუდო ავტორების ვინაობა და მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებებიც", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აქვე აღნიშნა, რომ ამ საქმეზეც საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გამოძიება.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს, წულუკიანმა აღნიშნა, რომ არ უნდა დაავიწყდეს არავის, რომ ეს არის ძველი საქმე და ნებისმიერ გამოძიებას ხელს უშლის დრო. "რაც მეტი დრო არის გასული, მით ძნელია საქმეზე გამოძიების უფრო სწრაფად წარმართვა. თუმცა ამ საქმეზე პროკურატურა, რაც მის ხელთ არის, აკეთებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.