"ეს იყო საკუთარი ბატონისაგან გამოქცეული ყმის გამოსვლა, რომელიც უკან იყურება, ხომ არ ეწევა ყოფილი პატრონი"

,,ჩვენი ქვეყანა ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, რომლის პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს სრულ ბოიკოტს უცხადებს საკუთარი მთავრობა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაშლილია, ხოლო სიტუაცია - უმართავი, რაც წარმოადგენს საფრთხეს არა მარტო თითოეული ჩვენთაგანისთვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის. 
მივმართავთ ევროპის კავშირს, გაყინეთ ივანიშვილის კრიმინალური მილიარდები თქვენს ბანკებში, სანამ ეს უკანასკნელი არ გაატარებს საარჩევნო რეფორმას, არ გააუქმებს მილიონერ მაჟორიტართა ინსტიტუტს და არ მოგვცემს საშუალებას ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც მოიყვანს სამართლიანი გზით, ხალხზე მზრუნველ მთავრობას.“_ ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ასევე შეაფასა პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა.

,,რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ჩემი სუბიექტური შეხედულებით, ეს იყო საკუთარი ბატონისაგან გამოქცეული ყმის გამოსვლა, რომელიც უკან იყურება, ხომ არ ეწევა ყოფილი პატრონი. სამწუხაროდ მას გაახსენდა მხოლოდ ის, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში ირღვევა მინისტრების უფლებები და მათ უზღუდავენ კომპეტენციებს და საერთოდ არ გახსენებია მისგან და ივანიშვილისგან გადაყრილი პენსიონრები, მოტყუებული მოქალაქეები, მეანაბრეები, პროცენტიანი ვალის მფლობლები, დაპირებული სამუშაო ადგილები, ასი ფაბრიკა-ქარხანა, რუსეთთან უვიზო რეჟიმი, მაღალი ხელფასები, უფასო განათლება, უფასო ფული, უფასო ჯანდაცვა... მას ეს პრობლემები, თავისი ყოფილი ბატონებივით არ გახსენებია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ერთადერთი ჩემპიონატი, რომელიც შეიძლება მოიგოს ქვეყნის უმაღლესმა ელიტამ, ივანიშვილიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული, არის უპასუხისმგებლობის ოლიმპიადა საკუთარი ხალხის და საკუთარი დაპირებების წინაშე.“_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა