"იუკოსის" ყოფილი აქციონრები თბილისში უძრავ ქონებას ფლობენ

რა კავშირი აქვთ ცნობილ რუს ბიზნესმენებს, “იუკოსის“ დამფუძნებლებს მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს თბილისში მიმდინარე ორ მასშტაბურ დეველოპერულ პროექტთან? ამ თემაზე რუსულენოვანი Forbes-ი წერს.

საუბარია სავაჭრო და გასართობ ცენტრ EastPoint Tbilisi–ზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე უკვე წელს გაიხსნება, და საბურთალოზე, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე, Tbilisi Gardens-ის პროექტზე, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს.

ამ ორ პროექტს აერთიანებს კომპანია Quadrum Global–ი, რომლის მართვის ქვეშაა ორი მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ვიეტნამში, უკრაინასა და საქართველოში. 

Quadrum Global–ი მართავს ფონდ Quadrum Atlantic SPC–ს, რომლის ინვესტორთა სტრუქტურას რუსული „ფორბსი“ მაიამი–ბიჩის ადმინისტრაციის საიტზე გაეცნო.

კერძოდ, ფონდის თანამფლობელებს შორის მოხსენებულია 6 ტრასტი კუნძულ გერნსიდან, რომლის სარგებლის მიმღებებად დასახელებულნი არიან „იუკოსის“ ყოფილი პარტნიორები – მიხეილ ხოდორკოვსკი, პლატონ ლებედევი, ვლადიმირ დუბოვი და მიხაილ ბრუდნო.

Quadrum Property Group-ის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს.

რაც შეეხება Quadrum Property Group–ის თბილისში მიმდინარე პროექტებს, კომპანიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, TBILISI GARDENS–ი – ესაა პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისში დახურული მაღლივი საცხოვრებელი მიკრორაიონის მშენებლობას, სადაც 150 ათასი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი შეიქმნება. მოხდება ამ ტერიტორიის გამწვანება. პროექტში 30 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდება, გაყიდვები კი უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

სავაჭრო და გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi კი 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას.

მშენებარე ცენტრი მდებარეობს თავისუფლების მოედნსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის, კახეთის გზატკეცილზე.

სავაჭრო ცენტრში განთავსებული იქნება ჰიპერმარკეტი; საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები; ყველაფერი რემონტისა და სახლისათვის (DO IT YOURSELF); ბავშვთა გასართობი ცენტრი (FEC- Family Entertainment Center), კინოთეატრი; ბოულინგის ცენტრი; ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 150-ზე მეტი მაღაზია, კვების ობიექტები. ცენტრის საერთო ფართი 85,000 კვადრატული მეტრია. EastPoint Tbilisi-ის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყოფილი ნავთობმაგნატი, პრეზიდენტ პუტინის პირად პატიმრად აღიარებული მიხეილ ხოდორკოვსკი საპატიმროდან 2013 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

რუსეთის ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი 2003 წელს დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. 2010 წელს მას ბრალი დაედო საკუთარ ნავთობკომპანია „იუკოსში“ ჩადენილ ქურდობაში. პრაქტიკულად იმავდროულად გათავისუფლებულ იქნა იმავე საქმეში ბრალდებული პლატონ ლებედევი.