მე შარაგზის ყაჩაღების რიგებს მივეკუთვნები და არა ერის მამებისას. აქედან გამომდინარე, სრული უფლება მაქვს ვწერო ის, რაც თავში მომაფრინდება. მეორე მხრივ, ეს უფლება არ გააჩნია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე კოკტეილების წრუპვის მოყვარულთა ხროვას – მათ, რომლებსაც რესტორანში დანახარჯის „ვიზა გოლდით“ გადახდისას, საუთარი გვარების უშეცდომოდ დაწერაც კი არ ძალუძთ; არარაობებს, რომლებიც პოლიტიკურ კარიერას ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ აიწყობდნენ; სუბიექტებს, რომლებიც, როდესაც პრეზიდიუმში ადიან, დიდხანს ამოწმებენ მიკროფონს: „ისმის ჩემი ხმა? ყველას ესმის ჩემი ხმა?“ და ამის შემდეგ ლუღლუღებენ წარმოუდგენელ სისულელეებს და წარმოდგენაც არ აქვთ რა არის სინტაქსი და არაფერი სმენიათ მათ მიერვე გაძარცვული ქვეყნის ისტორიისა და პრობლემების შესახებ.
(არტურო პერეს რევერტე, „ერის მამები“)
რა თქმა უნდა, გასული კვირის მთავარი მოვლენა სააკაშვილის ამერიკული ვოიაჟი იყო. თუმცა, თუ ვოიაჟს ვამბობთ, ანუ – მოგზაურობას, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იგი ორი კვირის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული კვირის მთავარ ამბად ვოიაჟის ერთი ეპიზოდი უნდა გამოვყოთ, რომელიც სწორედ გასულ კვირაში მოხდა – ობამა–სააკაშვილის შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. დიახ – თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში!!! დიახ – ერთი ძახილის ნიშანი ცოტა იქნებოდა, რადგან,როგორც თემურ იაკობაშვილმა თქვა, „ძალიან ცოტა ქვეყნის ლიდერს ხვდა პატივი, ობამას ადმინისტრაციაში მოწვეული ყოფილიყო ოფიციალური ვიზიტით“.
მართლაც, ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ, კიდევ ვის რგებია ასეთი ბედნიერება? ვფიქრობ, თემურ იაკობაშვილი თავმდაბლობაში სააკაშვილს ჰგავს (ნათქვამია, ძაღლი პატრონს ემსგავსებაო). სიმართლე კი ის არის, რომ გასულ კვირამდე ობამას ადმინისტრაციაში ოფიციალური ვიზიტით არავინ იყო ნამყოფი, გასულ კვირაში კი ნავსი გატყდა – მიშამ შეაღწია. პირველია ძნელი... დაიწყება ახლა რიარია.
მინდა გითხრათ, რომ თავად სააკაშვილის ვიზიტიც რიარია იყო და თუ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს და ხატოვან გამონათქვამებს გავიხსენებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რია–რია ლაი–ლაი.
საზღვაო აკადემია, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მსოფლიო ბანკი, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი კალიფორნიაში, Basecamp-ის სამიტი კალიფორნიაში... – ეს რია–რიას ჩამონათვალია. რაც შეეხება ლაი–ლაის, აქ უკვე მრავალწერტილი ვერ გვიშველის და ვერც მრავალი მრავალწერტილი გვიშველის. თუმცა, ვფიქრობ, რამდენიმე მარგალიტს თუ გავიხსენებთ, არც ჩვენ გვეწყინება და არც შთამომავლობას.
„ერთხელ აეროპორტში მივდიოდი და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემი პირადი მცველიცაა, მითხრა, რომ რადარზე ნახეს, როგორ იყო დამიზნებული ჩემს თვითმფრინავზე სრულ მზადყოფნაში მოყვანილი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ღილაკზე მხოლოდ ერთი თითის დაჭერა უნდოდა და თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა“ – რავარია? ტექნიკურ საკითხებს ნუ ჩავუღრმავდებით და ერთი ჰუმანიტარული შეკითხვა დავსვათ: სად ყავს მიშას მეგობრები?
„ერთხელაც გაფრენამდე ჩემთან მოვიდა ჩემი პრესმდივანი და ანერვიულებულმა მითხრა, რომ ჩემს თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ, რადგან ყველა რუსული ვებგვერდი წერდა, რომ 40 წუთში გაფრენას ვაპირებდი“ – მაგარია! დავძენ, რომ ამ სიტყვების ავტორი ყოველ 40 წუთში აპირებს გაფრენას, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში აფრენს.
„ჩვენი ეკონომიკა გაოთხმაგებულია. დანაშაული ხუთჯერაა შემცირებული. სიღარიბის მაჩვენებელმა 17%-მდე დაიკლო“ – თქვა მიშამ და არ თქვა, რომ ტურისტების რაოდენობა 200 ვოლტით არის გაზრდილი, ხოლო ტენიანობა გრადუსებში იზომება.
„როდესაც ჩემს სამუშაო ოთახში მივედი, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობის მოხელეებსაც არ ჰქონდათ ხელფასი. პირველი კონვერტი ორი კვირის თავზე მივიღე და ეს იყო ჩემი პირველი ანაზღაურება - თქვენ წარმოიდგინეთ, 40 ამერიკული დოლარი. აღვშფოთდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს ჩემი საპრეზიდენტო ხელფასი იყო“ – მას შემდეგ მიშას ხელფასი არც ერთ კონვერტში აღარ ეტევა, მაგრამ მაინც აღშფოთებულია.
„ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ საკუთარი თავი ამ მეტად ამაღელვებელ დარბაზში აღმომეჩინა. სიმართლე ისაა, რომ ყველაზე ახლოს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კედლებთან მხოლოდ ველოსიპედით მოვხვედრილვარ, როდესაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სადაც ვსწავლობდი კიდეც, სასეირნოდ გამოვდიოდი. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს მაინც მოვახერხე აქ შემოსვლა“ – ალბათ სწორედ იმ ველოსიპედის ქანდაკება დაიდგა რესპუბლიკის მოედანზე. ცხოვრებამ მიშას შლოპანცებით გადაუარა და ამის ამსახველ ქანდაკებას ბათუმში იხილავთ.
„საქართველოში ღვინოს იმავე წესით ამზადებენ, როგორც ამას 5-6 ათასი წლის წინათ აკეთებდნენ. მე პატარა ვენახი მაქვს და იქ ღვინოს ისევე ვამზადებ, როგორც ამას ჩემი წინაპრები აკეთებდნენ“ – ღვინოს არ ამზადებენ, ღვინოს წურავენ... სადმე ერთი პატარა ცეხიც ექნება, სადაც სუჯუხს ისევე ამზადებს, როგორც...
„ჩვენ ისეთი დიდი გამოწვევების წინაშე ვიდექით, რომ არც კი ვიცოდით საიდან დაგვეწყო მოქმედება. თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ყველაფერი გამოგვსლოდა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, იმ დროს ახალი გამოსული ფილმის, „ოუშენის 11 მეგობრის“ გმირებსაც კი შეგვადარეს. რეალურად, ჩვენ საკუთარ თავზე უნდა აგვეღო დიდი რისკი“ – რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის ოუშენი, ნინო ბურჯანაძე – ჯულია რობერტსის გმირი, ირაკლი ოქრუაშვილი – ამფეთქებელი ზანგი... აი, თავიდან ვერაფერი მოვუხერხე კახა ბენდუქიძეს, მაგრამ ბოლოს ეს ამოცანაც წარმატებით გადავჭერი. კახა ბენდუქიძე ის ჩინელი აკრობატია, ყუთში რომ ჩადებენ და საცავში რომ შეაგზავნიან. მერე ყუთიდან რომ ამოძვრება და კარებზე რომ გადახტება.
„წელს რამდენიმე ასეულ ათას რუს ტურისტს ველოდებით. შეიძლება ეს ციფრი მილიონიც კი გახდეს“ – დარწმუნებული ვარ, 2008 წლის აგვისტოშიც ელოდებოდა და გაუმართლდა კიდეც ის მოლოდინი.
„17 წლის შემდეგ მემუარებს დავწერ“ – ჰოდა, იმ მემუარებში იქნება, 2008 წლის აგვისტოში რუსი ტურისტების შემოსევა იყოო – რომ იტყვის.
„რუსეთის სამხრეთ რეგიონის მოსახლეობას საქართველოში ვიზები არ სჭირდება, ქართველებისთვის რუსეთში ჩასვლა კი თითქმის შეუძლებელია“ – დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისთვის რუსეთში ჩასვლა დღესაც ისევე იოლია, როგორც მაშინ, როდესაც არტეკში მიდიოდა. იოლია, და არა იმიტომ, რომ სუჯუხს იმავე მეთოდით ამზადებს, როგორც მისი წინაპრები ამზადებენ. სხვა ამბავია...
„როდესაც აქ მოვდიოდი, ერთი ჩემი მეგობრის, კატარის ემირის ფოტო ვნახე. დოჰა ლამაზი ქალაქია და ჩვენი ქალაქების ნაწილი მისი მსგავსი ხდება, თუმცა პატარა განსხვავებაა ის, რომ ჩვენ თითქმის არ გვაქვს გაზი. სწორედ ამის გაკეთება შეუძლია თავისუფალ წარმოებას, რამაც მე მომიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებამდე“ – ეკონომიკა და არქიტექტურა იქით იყოს, მაგრამ... გამაგებინეთ, ხალხო, სად ყავს მიშას მეგობრები?!
მოკლედ (მართლა მოკლედ), ეს იყო მონო–მიშას ლაი–ლაი ამბები და ამასობაში მთავარი ამბავი დაგვავიწყდა – ოვალური კაბინეტი და მრგვალი თარიღები. პრინციპში, ბევრი არც არაფერი სათქმელი, რადგან შეხვედრა სულ 15 წუთს გაგრძელდა და კაბინეტიდან გამოსულმა მიშამ ხელები გაშალა: „ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული თეთრი სახლიდან არასდროს გამოვსულვართ“. იმდენად, რამდენადაც „ამდენი კონკრეტლი შედეგი“ ჯერ–ჯერობით მკაცრად არის გასაიდუმლოებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიშას სიტყვებში მთავარი სხვა რამ იყო, კერძოდ – სიტყვა „დატვირთული“. ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ, ასე იქნება: „თეთრი სახლიდან ასეთი დაგრუზული არასდროს გამოვსულვარ“.
საინტერესოა, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიღწევებზე საუბრისას ობამამ საქართველოს ნაცვლად რუსეთი ახსენა, თუმცა, იქვე შეასწორა: “ვფიქრობ, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. და ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, გამოვხატე ჩემი მადლიერება ინსტიტუტების მშენებლობის გამო, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში... საქართველოში.
რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? თუ კაცს რუსეთი და საქართველო ერთმანეთში ერევა, ალბათ ერთმანეთში ერევა სააკაშვილი და პუტინიც. ორივე მფრინავია, ორივე ტრაქტორისტია, ორივე მოცურავეა, ორივეს წითელი ხალი აქვს კისერზე და ორივე დაგრუზულია.
ჰოდა, თუ ამ ყველაფერს ასე გავიაზრებთ და ამ კუთხით შევხედავთ, სრულიად ზედმეტი ხდება მეცნიერული წიაღსვლები იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს „ხელისუფლების ფორმალური გადაცემა“. ამ სიტყვებზე იყო, ერთი ამბავი რომ ატყდა, ზოგი რას ამბობდა და ზოგი – რას. ბოლოს საქმეში ინტელექტუალები ჩაერივნენ და როგორც ყოველთვის, ბოლო სიტყვა ნუგზარ წიკლაურმა თქვა: „ხელისუფლების ფორმალურად გადაცემა დემოკრატიულ და თავისუფალ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას ნიშნავს“.
და „დემოკრატიულ და თავისუფალ ვითარებაში არჩევნების ჩატარება“ რაღას ნიშნავს? ოოო... ეს ნიშნავს იმას, რომ ნუგზარ წიკლაურისა და მისნაირებისთვის გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო არა ობამა–სააკაშვილის შეხვედრა არამედ ეს: „მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, შეთანხმების მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა პენიტენციურ დაწესებულებებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურით უზრუნველყოფს. თანამშრომლობა შედგება ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხში“.
„პრეზიდენტმა ობამამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს ეხება ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობას და პერსპექტივას იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ განცხადებას ძალიან იშვიათად აკეთებს“ – ისევ ვაშინგტონს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ეს სიტყვები ვერა ქობალია ეკუთვნის. არ გინდა, რა... იშვიათად კი არა და, საერთოდ არ გამიგია, რომ ერთი რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი იმავე ქვეყნის ეკონომიკისა და, ეკონომიკა იქით იყოს, მდგრადი განვითარების მინისტრს ცემდეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა.
გასულ კვირაში თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ქართული ლეიბორიზმის მამამ, შალვა ნათელაშვილმა – ბარაქ ობამას მიერ მიხეილ სააკაშვილის თეთრ სახლში მიღება საქართველოს შეურაცხყოფააო. შალვამ ეს ინგლისურად გაიფიქრა,მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ქართულად თქვა. „ამით დასტურდება, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ კოლონია, არამედ ამერიკის კოლექტიური მონები“ – თქვა ნათელაშვილმა და იმ საღამოს ლეიბორისტების ოფისთან ცარიელი ჩემოდანი იპოვნეს. ცარიელი რომ იყო, მერე გაირკვა, თორემ მანამდე სავსე ეგონათ და სანამ გაირკვეოდა, ლეიბორისტული პარტია რამდენიმე ფრაქციად დაიყო.
ერთნი ამბობდნენ – ბომბიაო, მეორენი ირწმუნებოდნენ, ცარიელიაო, ხოლო რამდენიმემ თქვა, ჩემოდანში ინგლისური ენისა და გრამატიკის სახელმძღვანელოები იქნებაო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემოდანში არაფერი აღმოჩნდა და რადგან ჩემოდანში არაფერი აღმოჩნდა, კვლავ აქტუალურია კითხვა, როგორ აღმოჩნდა ნუგზარ ერგემლიძე პარლამენტში. თუმცა, ისიც საკითხავია, რა უარესია, ნუგზარ ერგემლიძე პარლამენტში თუ მიხეილ სააკაშვილი ოვალურ კაბინეტში. რა თქმა უნდა – ეს უკანასკნელი, თუმცა შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ნუგზარ წიკლაური და ძმანი მისნი თავს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი იმშვიდებენ.
მოვა დრო და არაფორმალურ ვითარებაში „ამერიკის მეგობართა კლუბისა“ და „თელიანი ველის“ წარმომადგენლებსაც მოუწევთ ახსნა–განმარტებების გაკეთება. ამ ორმა კანტორამ სპეციალურად ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისთვის ღვინო ჩამოასხა. „სულ ორი ბოთლი ჩამოისხა. ერთი უკვე ამერიკაშია გაგზავნილი და შეხვედრაზე ბარაქ ობამას პროტოკოლის სამსახური გადასცემს. ზუკაკიშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯს სიმბოლური დატვირთვა აქვს, როგორც მეგობრობის ნიშანს. გარდა ამისა, ეს ქართული ღვინის ამერიკაში პოპულარიზაციას ემსახურება“ – იუწყებოდა მეგობარი სააგენტო.
მოვა დრო, და იტყვიან, ნასესხები ჭაჭით გაკეთებულ ჟვლაპი იყოო და ისიც – ორი ბოთლიო. ეს როგორ არის, იცით? აი, კაცს რომ ვერ ნახავ, ვინც იტყვის, 2003 წლის ნოემბერში პარლამენტთან ვიდექი და მიშა–მიშას ვყვიროდიო.
რაც შეეხება მათ, ვინც იქ იდგა და იმას ყვიროდა...
„რესპუბლიკური პარტია“ არ არის დაბალი ღობე, ყველამ რომ მას წამოკრას ხელი. კოალიციის ერთ წევრზე თავდასხმა, ჩვენი მხრიდან აღქმულია, როგორც მთელ კოალიციაზე თავდასხმა. ჩვენ გვერდზე არ გავდგებით და მშვიდად არ ვუყურებთ, როგორ დაესხმებიან თავს კოალიციის ერთ წევრს. ჩვენ გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველა კოლეგას. ეს არის კოალიციის პრინციპი“, - არცთუ მნიშვნელოვანია, რასთან დაკავშირებით განაცხადა ეს კობა დავითაშვილმა. მნიშვნელოვანია ის, რომ რესპუბლიკური პარტია არ არის დაბალი ღობე და მას ხელს ვერავინ წამოკრავს. მაშ როგორი ღობეა რესპუბლიკური პარტია? რესპუბლიკური პარტია არის მაღალი ღობე და მას ვერავინ გადაახტება – ესეც მეორე ვერსია.
გქონდეთ თქვენი ვერსია!
ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად გადასცეს...
მე მაქვს ჩემი ვერსია და ამ ვერსიის მიხედვით, ფიჯის მხრიდან აფხაზეთის და ოსეთის არაღიარება საქართველოს მთავრობას 200 ნეთბუქი უღირს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ყვავილების გვირგვინი ფიჯელებმა გასულ კვირაში არა რომელიმე ერთ–ერთ კოკა სეფერთელაძეს არამედ სერგეი ლავროვს დაადგეს.
ეტყობა, ლავროვმა 200 ნეთბუქიც ჩაიტანა და ზედ ერთი აიფონიც დააყოლა. მოკლედ, ტერიტორიული მთლიანობა ერთ აიფონს გადაყვება, მაგრამ თქვენი ნებართვით კიდევ დავსვამ ერთ კითხვას – ბოლო–ბოლო რას გადაყვებიან მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“? თუ არაფერს, მაშინ ჩვენ უნდა გადავყვეთ საკუთარ სიბრიყვეს.
გასულ კვირაში ფეისბუქში პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები დაიწყო და მალე ვიღაც ბრიყვი მეგობრების წრეში იამაყებს – პარალმენტის ვირტუალური თავმჯდომარე ვარო.
იამაყებს... რა არის საამაყო იმაში, რომ კონკრეტული ქლიბის ვირტუალური ვერსია ხარ?
ზ.ქ.ი. (ზოგი ქლიბად იბადება) ბრიყვებიც არის და ბრიყვებიც. არიან ბრიყვებად დაბადებულები, ანუ დაბადებიდან ბრიყვები, რომლებსაც, რამდენსაც არ უნდა ეცადო, ვეღარ გადააკეთებ. ასეთებს სიბრიყვე გენეტიკაში აქვთ ჩადებული, ისევე როგორც სხვებს – თვალის ფერი ან ალერგია თევზზე. სულელების კონკურსში მონაწილეობა რომ გადაწყვიტონ, სიბრიყვის გამო დისკვალიფიკაცია აქვთ გარანტირებული. როდესაც ასეთი ბრიყვი იბადება, ექთანი დერეფანში გადის და აღელვებულ მამიკოს ეუბნება: „გილოცავთ! შესანიშნავი ბრიყვი შეგეძინათ. წონა – სამი და ექვსასი“.
(არტურო პერეს რევერტე, „ბრიყვების რესტორანი“)