პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ერთ დროს ამერიკელი ნეო-კონსერვატორების ნებიერა იყო. SPIEGEL-თან ინტერვიუში, „ისტორიის დასასრული“-ს ავტორი იმაზე საუბრობს, თუ რატომ არის მისი აზრით ზედმეტი კაპიტალიზმი დემოკრატიისთვის საფრთხე და სვამს კითხვას, რატომ არ აქტიურობენ მემარცხენეები.
ბ-ნო ფუკუიამა, თქვენ ხართ ისეთი ცნობილი ესსეს ავტორი, როგორიცაა „ისტორიის დასასრული“, სადაც თქვენ აცხადებდით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატია ტრიუმფალური გლობალური მოდელი გახდა. ახლა, თქვენი ბოლო კვლევა ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმის და გლობალიზაციის ხარვეზები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მოდელს. როგორ ახსნით ამ ძვრას?
ვფიქრობ, ამ კონტექსტში სიტყვა კაპიტალიზმის გამოყენება არასწორია, რადგან არ არსებობს კაპიტალიზმის უფრო სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. ის, რაზეც ჩვენ სინამდვილეში ვსაუბრობთ, ეკონომიკური ზრდა და თანამედროვე ეკონომიკურ საზოგადოებათა განვითარებაა. შეერთებულ შტატებში ამ პროცესის წინსვლას გარკვეული ფაქტორების კომბინაცია უშლის ხელს. ჩვენთან უამრავი ტექნოლოგიური გარდაქმნა მოხდა, რომელმაც დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი ჩაანაცვლა და დასავლურ დემოკრატიებში ბევრმა სამუშაო ადგილი დაკარგა.
სწორედ ამიტომაა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, სურდათ „მომსახურებაზე-ორიენტირებულ“ ეკონომიკებად გადაქცევა.
ჩვენ დაუფიქრებლად გავიზიარეთ გლობალიზაციის გარკვეული ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ძალიან სწრაფად უნდა გვევლო პოსტ-ინდუსტრიულ, პოსტ-მანუფაქტურულ სამყაროში. იმავდროულად, დაგვავიწყდა ის, რომ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვერ იკიდებდა ფეხს სოციალიზმი შეერთებულ შტატებში იყო ის, რომ თანამედროვე ეკონომიკამ თითქოს შექმნა საშუალო კლასის საზოგადოებები, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სტატუსით სარგებლობდა. ისინი მუშაობდნენ მრეწველობის ისეთ დარგებში, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში გაუქმდა და ისეთ ქვეყნებში გადავიდა, როგორიცაა ჩინეთი.
იმ შემთხვევაშიც, თუკი საშუალო კლასის წარმომადგენლები შეინარჩუნებდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, ისინი დაინახავდნენ, რომ მათი შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, მაშინ როდესაც იღბლიანთა მცირე ჯგუფი სათავეში გლობალიზაციით დაუმსახურებლად გამდიდრდა. წამყვან სახელმწიფოებში უთანასწორობის ხარისხი მაღალია ისე, როგორც არასდროს. რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს საზოგადოებებზე?
ეს დემოკრატიისთვის კარგი არ არის. თუკი შემოსავალი შედარებით თანაბრად არის განაწილებული და არ არსებობს მკვეთრი სხვაობა მდიდარს და ღარიბს შორის, თქვენ გაქვთ იმის ძლიერი განცდა, რომ საზოგადოების ნაწილი ხართ და თქვენში ნდობის ხარისხიც მაღალია. თქვენს საზოგადოებაში არ არიან ისეთი ჯგუფები, რომელებსაც პოლიტიკურ სისტემასთან უპირატესი წვდომა აქვთ, რისი გამოყენებაც მათ საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის შეუძლიათ…
… და ეს ყველაფერი დემოკრატიულ პროცესს აზიანებს
ისეთ დემოკრატიაში, სადაც საშუალო კლასი სუსტია, მეტი პოპულიზმია, მეტი შიდა კონფლიქტები, დისტრიბუციის პრობლემების თანმიმდევრულად გადაწყვეტის უუნარობა. ამ კონკრეტულ მომენტში, შეერთებულ შტატებში სახეზეა ამ პოპულიზმის დაბრუნება. ის უნდა იყოს მარცხნივ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი მარჯვნივაა. თუკი თქვენ დაელაპარაკებით Tea Party-ს წევრებს იმაზე, თუ რას განიცდიან მთავრობის მიმართ, ისინი ძალიან განრისხებულნი არიან. სძულთ მთავრობა. მიაჩნიათ, რომ ელიტებმა მათ უღალატეს.
მიუხედავად ამისა, ამერიკელები უკვე ღიად კამათობენ სოციალური უთანასწორობის პრობლემაზე
ისინი ნელ-ნელა იწყებენ ამის გაცნობიერებას. ამ ცვლილებების მაუწყებელია მოძრაობა „დაიკავე ვოლ-სთრითი“ (Occupy Wall Street) და ის, რომ საზოგადოება უთანასწორობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. უბედურება ის არის, რომ შეერთებულ შტატებში უკიდურესად რთულია ადამიანების მობილიზება ღარიბი კლასის პრობლემების ირგვლივ. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თავს დაესხნენ, როგორც „ევროპელ სოციალისტს“, როდესაც მან მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაკისრების იდეა გამოთქვა. კლასებთან დაკავშირებული დებატები ისტორიულად არაპოპულარულია – თუ არ ჩავთლით, ხანმოკლე პერიოდს დიდი დეპრესიის დროს 1930-იან წლებში.
ბოლოდროინდელ ფინანსურ კრიზისს ხშირად დიდ დეპრესიას ადარებენ: რატომ არ ჩანს მემარცხენე ფლანგის გააქტიურება მდიდრების წინააღმდეგ?
მეც გაოცებული ვარ. სად არის მემარცხენეების ამბოხი? ეს კრიზისი Wall Street-ზე დაიწყო. მისი ფესვები სინამდვილეში სწორედ ფინანსების ლიბერალიზაციის ამერიკულ მოდელშია. მან საშინელი დარტყმა მიაყენა რიგით ადამიანებს, ხოლო იხეირა ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ნაწილმა – ფინანსურმა სექტორმა, რომელიც კრიზისით, მთავრობის დახმარების წყალობით, მხოლოდ მოგებული დარჩა. თითქოს ეს მემარცხენე პოპულიზმისთვის ნოყიერი ნიადაგი უნდა ყოფილიყო, როგორც 1930-იან წლებში, ერთგვარი მემარცხენე Tea Party-ი [1].
შეუძლია თუ არა მოძრაობას „დაიკავე ვოლ-სტრიტი“ ამ ცარიელი მარცხენა ფლანგის შევსება?
სინამდვილეში, მე ამ მოძრაობას სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან მისი სოციალური ბაზა უკიდურესად ვიწროა. ეს მოძრაობა დაახლოებით იგივე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც 1999 წელს სიეტლში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ – ანტი-კაპიტალისტები. სოციოლოგიურად მემარცხეენების დიდი პრობლემა შეერთებულ შტატებში არის ის, რომ თეთრი მუშათა კლასი და წვრილი ბურჟუაზია, რომელთა პოლიტიკური ქცევა ევროპაში ცალსახად სოციალ-დემოკრატიული იქნებოდა, ამერიკაში ხმას რესპუბლიკელებს აძლევს, ან მათი მომხრობა რესპუბლიკელთა ბანაკში იოლია. ვიდრე მოძრაობა „დაიკავე ვოლ-სთრითი“-ს ხალხს შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ დემოგრაფიულ ჯგუფთან, შეერთებულ შტატებში დიდი მემარცხენე პოპულისტური ფლანგი არ გაჩნდება.
იქნებ ამისთვის კრიზისი საკმარისად ღრმა არ არის?
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იმის გამო, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდი და შეერთებული შტატების ფინანსთა სამინიტრო დაეხმარა ფინანსურ სექტორს, კრიზისი არ გადაიზრადა დიდ დეპრესიაში და უმუშევრობამ 20%-ს არ გადააჭარბა, როგორც ეს 1930-იან წლებში მოხდა. მაშინ, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დიდი ბანკების რესტრუქტურიზაცია შეძლო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიმდინარე პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა ყველა დიდი ბანკის (Goldman Sachs, Citigroup და ამერიკის ბანკი) რესტრუქტურიზაცია და მათი უფრო მცირე ერთეულებად გარდაქმნაა, რომლებსაც გაკოტრების უფლებას დართავდნენ. ისინი აღარ იქნებოდნენ „იმდენად დიდები, რომ მარცხი განეცადათ“. მაგრამ დღემდე ეს არ მოხდა.
შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ობამა უბრალოდ არ აღმოჩნდა რუზველტივით ხისტი?
ობამას სერიოზული შესაძლებლობები ჰქონდა უშუალოდ კრიზისის შუა პერიოდში. ეს დაახლოებით ის დროა, როდესაც Newsweek-ს ასეთი სათაურით გამოქვეყნდა „ჩვენ ახლა ყველანი სოციალისტები ვართ“. ობამას გუნდს ბანკების ნაციონალიზაცია უნდა მოეხდინა და შემდეგ ისინი ცალკეულ ნაწილებად გაეყიდა. მაგრამ ამ გუნდის ზოგად შეხედულებას იმის თაობაზე, თუ რა არის შესაძლებელი და სასურველი, დღემდე სწორედ ამ დიდი ბანკების საჭიროებები აყალიბებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობამა და მისი გავლენიანი მრჩევლები, მაგალითად ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი თავად არიან იმ „1 პროცენტის“ ნაწილი, რომლის წინააღმდეგაც მოძრაობა „დაიკავე ვოლ-სთრითი“ გამოდის?
ისინი აშკარად ამ ერთი პროცენტის ნაწილი არიან. ისინი სოციალიზირებულნი არიან ამ ვოლ სთრითის გურუებთან. Goldman Sachs-ის ხელმძღვანელი ლოიდ ბლანკფეინი კრიზისის დროს ბევრჯერ შეხვდა გეიტნერს. ასეთი ახლო კონტაქტებით მსოფლიოში თეთრ სახლზე გარკვეული აზრი ყალიბდება.
მაგრამ შეგიძლიათ ამტკიცოთ ის, რომ რესპუბლიკელები ნაკლებად არიან დაახლოებული ვოლ-სთრითთან?
არა, რა თქმა უნდა. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები მთლიანად ნაყიდი ჰყავს ვოლ-სთრითს. მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგია: რატომ აძლევს რესპუბლიკელებს ხმას მათი მხარდამჭერი მუშათა კლასი? ჩემი აზრით, ნაწილობრივ ეს აიხსნება დიდი უნდობლობით ნებისმიერი მთავრობის მიმართ და ამ უნდობლობის ფესვები ამერიკის პოლიტიკის სიღრმეებიდან მოდის. დღეს ეს გამოხატულია ისეთი პოლიტიკური ფიგურებით, როგორიცაა სარა პეილინი, რომლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ობამას წინააღმდეგ იყო ის, რომ მან ჰარვარდში ჩააბარა. არსებობს ერთგვარი პოპულისტური უკმაყოფილება იმით, რომ შეერთებულ შტატებს ელიტები მართავს.
‘Tea Party -ს აქტივისტების მობილიზაცია საკუთარი ეკონომიკური ინტრესების წინააღმდეგ“
მოძრაობა Tea Party-საც კი დიდწილად აფინანსებენ ის მილიარდერები, რომლებიც წარმოადგენენ ყველაფერ იმას, რასაც ამ მოძრაობის წევრები უპირისპირდებიან.
Tea Party მართლაც მასობრივი მოძრაობაა, ასე რომ მე ნამდვილად არ მჯერა იმ შეთქმულების, თითქოს მისი ინიციატორები მსხვილი მილიარდერები იყვნენ. როდესაც მონაწილეობთ რონ პოლის მხარდამჭერთა ერთ-ერთ დემონსტრაციაში, თქვენ გრძნობთ მათ შემართებას. ისინი ახალგაზრდები არიან და ახლახანს ეზიარნენ იმ ლიბერტარიანულ იდეას, რომ თითქოს ჩვენი პრობლემების სათავე მართლაც მთავრობაა. ასე, რომ ჩემი აზრით, Tea Party-ს აქტივისტთა შეხედულებები გულწრფელია, მათ არ მართავენ მილიარდერები. მაგრამ მართალია ისიც, რომ ისინი მობილიზებულნი არიან საკუთარი და იმ ელიტების ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, რომლებიც უნდა სძულდეთ. მე დღემდე არ მესმის ბოლომდე, რატომ მოქმედებენ ისინი ასე.
რატომ არ შეუძლია ობამას ამ უკმაყოფილო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა?
პრეზიდენტს არასდროს განუცხადებია ისეთი ხედვის შესახებ, რომელიც განსხვავებულ ეკონომიკურ წესრიგს იგულისხმებდა, ისეთს, რომელიც არ მოგვაგონებს კლასიკურ დიდი დანახარჯების ლიბერალურ-დემოკრატიულ ფორმულას. დემოკრატებს არასდროს გამოუთქვამთ ისეთი ეკონომიკური ფილოსოფია, რომელიც უბრალოდ მიბრუნებაა 1970-იან წლებთან, დიდ მთავრობასთან და ა.შ. ან პორფკავშირების პოზიცია, რომელიც ძალიან მტრულად ეკიდება გლობალიზაციას.
კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მას?
ვფიქრობ, ამერიკისთვის გერმანული მოდელი ძალიან საინტერესოა, რადგან გერმანია დღესაც სიდიდით მეორე ექსპორტიორია, მაგრამ მან შეერთებულ შტატებთან შედარებით ბევრად უკეთ დაიცვა საკუთარი საწარმოო ბაზა და მშრომელთა კლასი. შეერთებულ შტატებში ვინმემ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ჩვენი ამოცანა არ არის ერთიანი შემოსავლის მაქსიმიზაცია, არამედ გლობალიზაციის პირობებში საშუალო კლასის დაცვა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთქმედების გზით, ის, რაც სარგებელს მოუტანს ხალხთა დიდ მასებს. სინამდვილეში ამის გაკეთება არცერთ დემოკრატს არ შეუძლია.
თქვენ გინდათ, რომ ამერიკელმა მემარცხენეებმა გარკვეული დასკვნები გამოიტანონ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის „2010 წლის პროგრამიდან“ – წინადადებათა სადაო პაკეტიდან, შრომის და ქონებრივი რეფორმების შესახებ, რომელიც უარს ამბობდა კლასიკურ სოციალურ-დემოკრატიულ მოდელზე?
გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა შრომის ბაზარზე მოქნილობის ხარისხი გაზარდეს და სოციალურად უზრუნველყოფილი გერმანული სახელმწიფო კაპიტალისტური კონკურენციის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი გახდა. ძველი ტრადიციული დღის წესრიგი, კერძოდ ის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ვცდილობთ სოციალური დაცვის სულ უფრო და უფრო გაზრდას, გერმანიაში აღარ მუშაობს, და ეს კარგია. ევროპაში პრობლემის ნაწილი ის არის, რომ ანალოგიური რეფორმები არ განხორციელდა საფრანგეთსა და იტალიაში.
საშუალო კლასის დაცვა, უნდა მოიცავდეს თუ არა გლობალური პროტექციონიზმის ახალ ფორმას?
ჩვენ არ უნდა მიგვეცა ჩინეთისთვის მსოფლიოს დიდი ნაწილის დეინდუსტრიალიზაციის შესაძლებლობა. ჩინელებმა მოახერხეს ის, რომ დასავლური ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირეს, მოიპარეს რა მათი ტექნოლოგიები სრულად. მათ წარმატებას მიაღწიეს, რადგან დასავლეთში ყველა მოკლევადიანი ინტერესებიდან გამოდის, აცხადებს რა: „მე შეიძლება დამაზიანოს ჩინეთმა მომავალში, მაგრამ თუკი ფულს ახლა არ ვიშოვი, ამას სხვა გააკეთებს. ამიტომ მე მაინც მექნება მათთან ბიზნესი, თუნდაც ისინი ზიანს მაყენებდნენ“. ეს საშინელი სიბეცეა. ჩინეთთან მეტი სიხისტეა საჭირო.
ამ ტენდენციის შეწყვეტა შესაძლებელია?
ძალიან გვიანია, ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში. ჩვენ წარმოების ყველა მნიშვნელოვანი სფერო ჩინეთს დავუთმეთ.
დაუცველობის ეს განცდა ევროპაშიც დომინირებს. ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის პლიტიკოსები ცდილობენ ევროს კრიზისის მოგვარების ახალი გზების წარმოდგენას, ისინი ვერ ახერხებენ მსოფლიოს ფინანსური მოთამაშეების დარწმუნებას. არის თუ არა ჯერ კიდევ შესაძლებელი პოლიტიკური მმართველობა, ასეთი არათანაზომადი გლობალური ფინანსური ბაზრების პირობებში?
პოლიტიკური მმართველობის პრობლემა მხოლოდ ბაზრების ზეწოლაში არ მდგომარეობს. ყველა თანამედროვე დემოკრატიის სენია ის, რომ დემოკრატიული პროცესი, როგორც წესი უზურპირებული აქვთ კარგად ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებიც ძირითადი მოსახლობის ინტერესებს არ წარმოადგენენ. საბერძნეთის მთელი პრობლემაც ეს არის. ფარმაცევტები და ექიმები, საჯარო მოსამსახურეები და არქიტექტორები, ყველა სხვა სოციალური ჯგუფი ამ ქვეყანაში, დახურულ კორპორაციებად ჩამოყალიბდა, რომლებიც აკონტროლებენს ფასებს, მაშინ როდესაც დიდწილად გაურბინ გადასახადების გადახდას. ისინი ქონებას აგროვებენ, მაგრამ ნაციონალური გაკოტრება გარდაუვალია.
დღეს ბერძნული სისიტემის რეფორმირებაში გარედან დანიშნული ტექნოკრატები და მრჩევლები ჩართეს. რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის?
ჩემი აზრით, საბერძნეთი დატოვებს ევროზონას, რადგან საბოლოო ჯამში, ნებისმიერი გარე ჩარევა ბერძნული საზოგადოების მხრიდან შეფასდება არადემოკრატიულ ჩარევად პოლიტიკაში, რაც მათ არ სურთ. ბერძნები ხომ არასდროს მოიქცევიან გერმანელებივით, ვცდები?
შეიძლება ევროპა, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს ევროს გადარჩენას, კვლავ დემოკრატიული იყოს?
ევროპული პროექტი თავიდანვე ელიტების მართული იყო. ამას ადასტურებდა ის, რომ ყველა ჯერზე როცა კი ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდებოდა, მოსახლეობა უარს ამბობდა ევროკავშირის შემდგომი რეგულაციის გაღრმავებაზე…
…და რეფერნედუმიც მარტივად ხელახლა ტარდებოდა
ევროკავშირის ელიტებმა განაცხადეს: „ამჯერად სწორად ვერ გაიგეთ. ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხზე კენჭისყრას, ვიდრე მას სწორად არ გაიგებთ“. სინამდვილეში, დღეს ყველა ევროპულ ქვეყანას მემარჯვენე პოპულისტური პარტია მართავს. ეს ქვეყნები ანტი-ევროკავშირული, ანტი-იმიგრაციულია, და მიზეზი იგივეა, რადგან არსებობს განცდა, რომ სინამდვილეში ელიტები ევროპაში მათ არ წარმოადგენენ.
მეორე მხრივ, ავტორიტარული სისტემები, როგორც ჩანს სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მაგალითად, გერმანელი საქმოსნები კომუნისტურ ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ აცხადებენ, რომ ის სისტემა ხიბლავთ. ისინი ბოდავენ იმის თაობაზე, თუ რა კარგია როდესაც სწრაფად შეიძლება იქნას მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მე ეს ამერიკელი ბიზნესმენებისგანაც მსმენია. ჩინური სისტემა განსაკუთრებით საოცარია, მაშინ, როდესაც მას ევროპას და შეერთებულ შტატებს ადარებ, სადაც დღევანდელ დღეს გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
ამგვარად ჩინეთი შეიძლება ახალ გლობალურ მოდელად იქცეს – რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თეზიზს თქვენი ესსედან „ისტორიის დასასრული“, რომ დემოკრატია მსოფლიოს უპირობო არჩევანი გახდა.
არა. ჩინეთი ვერასდროს გახდება გლობალური მოდელი. ჩვენი დღევანდელი დასავლური სისტემა მართლაც მოირყა ზოგიერთ ფუნდამენტურ ნაწილში, მაგრამ ვერც ჩინური სისტემა იმუშავებს. ეს უაღრესად უსამართლო და ამორალური სისტემაა, სადაც ნებისმიერს შეიძლება წამებში წაართვან ყველაფერი, სადაც ადამიანები იღუპებიან სარკინოგზო ინციდენტებში საზოგადოებრივი კონტროლის არ არსებობის და გაუმჭვირვალობის გამო, სადაც კორუფციაა გაბატონებული. ჩვენ უკვე ვხედავთ უზარმაზარ პრეტესტს ჩინეთის ყველა ნაწილში.
მის კომუნისტ მმართველებს ეს არაბულ გაზაფხულს აგონებს
როდესაც ეს ხელისუფლება შეწყვეტს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის არსებული ხარისხით უზრუნველყოფას, ის დარჩება ამ უზარმაზარი მორალური მოწყვლადობით. ყველა მისი ხარვეზის მიუხედავად, ლიბერალური დემოკრატია დღემდე ერთადერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მთელს მსოფლიოში.
[1] Tea Party movement – კონსერვატიულ-ლიბერტარიანული პოლიტიკური მოძრაობა შეერთებულ შტატებში. ის 2009 წელს წარმოიქმნა საპროტესტო აქციების სერიით, რომელიც კოორდინირებული იყო ადგილობრივ და ნაციონალურ დონეზე და რაც გამოიწვია, მათ შორის 2008 წელს უკიდურესი ეკონომიკური სტაბილიზაციის აქტმა და გარკვეულმა რეფორმებმა სამედიცინო დაზღვევის სფეროში.
foreignpress.ge
1353
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85