შვეიცარიის ელჩმა ე.წ. კაბელების საქმეზე მისვლის მიზეზად პროცესის მიმდინარეობის გაცნობა დაასახელა

შვეიცარიის ელჩმა ე.წ. კაბელების საქმეზე მისვლის მიზეზად პროცესის მიმდინარეობის გაცნობა დაასახელა

საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, გიუნთერ ბეხლერმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლოზე მისვლის მიზეზად ე. წ. კაბელების საქმეზე პროცესის მიმდინარეობის გაცნობა დაასახელა.

როგორც შვეიცარიის ელჩმა ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დროებითი დახურვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამ მიზნით მივიდა სხდომაზე.

"მე, როგორც შვეიცარიის ელჩი, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები ამ პროცესს. მსურს, წარმოდგენა შევიქმნა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. პირადად ვფიქრობ, რომ პროცესი პროცედურულად სამართლიანად მიმდინარეობს ისევე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა ბეხლერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ხედავს იგი პოლიტიკურ მოტივაციას აღნიშნულ საქმეში, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ პროცესის მონაწილეებისთვის ეს დასრულდება ისე, როგორც უნდა მოხდეს", - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.

ელჩი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებთან ერთად, ამ დროისთვის დახურული პროცესის გახსნას ელოდება.