ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს კვლევა ძალიან ბევრი მიმართულებით კარგად აჩვენებს საზოგადოებრივ განწყობებს.
„უპირველესად ის, რომ ქართული ოცნება არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ქართულად პოლიტიკურ სივრცეში. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მთავარი დაკვეთა არის დემოკრატიული პროცესები, ცივილური საარჩევნო პროცესები და არა რადიკალიზაცია და ქუჩაში პოლიტიკის წარმოება. ამავე დროს, ჩვენ როგორც ქართული ოცნება, რა თქმა უნდა მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს გორბის კვლევაში“, - აცხადებს მახაშვილი.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.