ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.
„მიხეილ ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, უმნიშვნელოვანესი იყო. ყველა სასპეკულაციო ველი უნდა დავუკეტოთ როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაცა ლიდერი ვერ იღებს სრულფასოვნად არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, ის შედეგი, რაც დადგება ( კარგად იციან, რამხელა ანგარიშითაც დამარცხდებიან), დააბრალონ იმას, რომ კონკრეტული ლიდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
27 ივლისს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება.
მანამდე, 4 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.