ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ

ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების" თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ. მისი თქმით, ქვეყნის შიდა კონსოლიდაციის ნაცვლად გაუთავებელი იწილო-ბიწილოა დაესწრებოდა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას. ბობოხიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მართვა და ამას პრეზიდენტის გამოსვლაც ადასტურებს.

"დღეს ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და სწორედ ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭირო იყო ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია. თუმცა ჩვენ ვხედავთ, გაუთავებელ იწილო- ბიწილოს მოვა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის მოსმენაზე. პრეზიდენტი არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირი ამ ქვეყანაში. პრეზიდენტი არის ერთადერთი პირი, რომელსაც ამ ქვეყანაში აქვს ლეგიტიმაცია და ამ პრეზიდენტს მთავრობამ თურმე არ უნდა მოუსმინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს, ჩვენი მთავრობა თავ-პირის მტვრევით გაიქცევა და მინისტრები ერთმანეთს გაასწრებენ.რაც არ უნდა კარგი მმართველი იყოს ბატონი ღარიბაშვილი, თუმცა ის ასეთი ვერ არის, არაფორმალური მართვის შემთხვევაში შეუძლებელია ქვეყანაში იყოს წარმატებები. ის, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მართვა, ამას ადასტურებს პრეზიდენტის გამოსვლა, უმრავლესობის ყოფილი წევრების და ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფების გამოსვლა და ამას ადასტურებს გოგი თოფაძის გამოსვლა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების სწორად მოქმედების განსაზღვრისთვის დაიმოწმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის წევრებიც მადლობას გადაუხდიან ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ამიტომ არის ეს ხელისუფლება გამოსაცვლელი და გვჭირდება დამოუკიდებელი ხელისუფლება და არა ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ერთი რომელიღაც კაცის წინაშე, ვინც არ უნდა იყოს ის", - განახცადა ბობოხიძემ.