საშემოდგომოდ, ჩვენი მოსახლეობა სავალუტო კრიზისის კიდევ ერთი ტალღის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

საშემოდგომოდ, ჩვენი მოსახლეობა სავალუტო კრიზისის კიდევ ერთი ტალღის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

საშემოდგომოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო კრიზისის კიდევ ერთი ტალღის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ფრაქციის თავმჯდომარემ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის კურსზე ისაუბრა.

"საქართველოს ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანა სავალუტო კრიზისს განიცდის, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის წინაპირობაა. ამ სიმწვავის ეკონომიკური პრობლემები საქართველოს, ბოლოს, 2008 წლის ბოლოს დაუდგა. მაშინ დონორების დახმარებამ უზრუნველყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან გამოყვანისგან. დღეს კვლავ რეგიონში მიმდინარე ომმა დაამძიმა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, რაც არ უნდა ვისაუბროთ გარე ფაქტორებზე არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ შიდა ფაქტორებით დაგვებალანსებინა. ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვერ აყალიბებს სრულყოფილ გეგმას. დაანონსებული ლარის კურსის საზაფხულო გამყარება მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ბუნებრივი ზრდის ამარა რჩება და თუ არ წამოესწრო შეგნებული კონკრეტული მოქმედებებით საშემოდგომოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო კრიზისის კიდევ ერთი ტალღის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა.

"გვიწევს საუბარი ახალი პოლიტიკური რეალობის და მძიმე პოლიტიკურ პირობებში, საქართველოს პოლიტიკური რეალობა აღარ არის ორპოლუსიანი, უმრავლესობაშია "ქართული ოცნება", რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაითვალისწინა წარსული მწარე მაგალითები და დიდი და მოზღვავებული ჭარბი ნდობა როგორც საკუთარი, ასევე საკუთარი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გაფლანგა. ფართო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველა ოჯახში შეაღწია და ამის მიზეზად მხოლოდ რეგიონში არსებული მდგომარეობის მაგალითად მოყვანა რთულ პირობებში აყენებს საზოგადოებას. სტაბილურობის სახელით ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ძალიან გავს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სტაბილურობის სახელით დემოკრატიის შეზღუდვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხელისუფლებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების შიშით შეაკავოს საზოგადოებაში დაგროვილი რისხვა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობის" შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიას, მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების გამო, გამოუტანა საზოგადოებამ განაჩენი.

"მიუხედავად იმისა, რომ იგი საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე ცდილობს, უნდა ითქვას, რომ ეს შეცდომები საკმაოდ ბევრია. "ნაციონალური მოძრაობის" წინადადებები მოკლებულია სიმტკიცეს და სანდოობას. საზოგადოებას აქვს პოზიტიური სიახლე, "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" შორის ერთმანეთზე ზრუნვით გაჟღენთილ ფონზე, გამოიკვეთა "თავისუფალი დემოკრატები", რომელმაც თავისი საქმით და მიღებული შედეგებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და შედეგების დადება. ძალა რომლის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და მისი ძალა. ძალა, რომელსაც ყავს მკაფიოდ გამოკვეთილი მხარდამჭერები და აქვს მათი ზრდის პოტენციალი. ძალა, რომლის გარეშეც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ძალა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე და არა კინკლაობაზე; შენებაზე და არა ნგრევაზე; ოპონირებაზე და არა მტრობაზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.