დავით უსუფაშვილი შეეცდება, მეტი გავლენა ჰქონდეს ახალი პარლამენტის შემადგენლობის ფორმირებაზე

დავით უსუფაშვილი შეეცდება, მეტი გავლენა ჰქონდეს ახალი პარლამენტის შემადგენლობის ფორმირებაზე

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეეცდება, დაეხმაროს თავის პარტიას და არ მიატოვოს მძიმე ვითარებაში. ამის შესახებ მაჭავარიანმა „პრაიმტაიმთან" ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს დაარწმუნებს, რომ მოჭიდავეებითა და მსახიობებით პარლამენტის დაკომპლექტებას სჯობია, კვალიფიციური კადრებით შეავსონ.

„დავით უსუფაშვილი შეეცდება, „ქართული ოცნების" კოალიციის ფარგლებში იმოქმედოს და რესპუბლიკური პარტია ამ მძიმე ვითარებაში არ მიატოვოს. დღეს რესპუბლიკური პარტია, რეიტინგის მხრივ, ძალიან მძიმე ვითარებაშია, მათთვის რეიტინგები მძიმე თემაა.

ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით წარდგება 2016 წლისთვის კოალიცია „ქართული ოცნება". უსუფაშვილი, როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი რესპუბლიკური პარტიიდან, შეეცდება, მეტი გავლენა ჰქონდეს ახალი პარლამენტის შემადგენლობის ფორმირებაზე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ბოლომდე დაჰყვება იმ მოსაზრებებს, რომელიც უსუფაშვილს აქვს - პარლამენტი დაკომპლექტდეს უფრო კვალიფიციური ადამიანებით, ვიდრე სპორტსმენებით, მსახიობებითა და სხვა გაუგებარი კვალიფიკაციის ადამიანებით", - განაცხადა მაჭავარიანმა.