ანეკდოტები მიშაზე - 2

ანეკდოტები მიშაზე - 2

გასულ წელს ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ანეკდოტები საგულდაგულოდ შევაგროვე. ამ მასალას წერილის სახე მივეცი და მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანე.

 

იმ დღის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. დროის ამ მონაკვეთში ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. ბატონი სააკაშვილი მრავალი ახალი წამოწყების ინიციატორი გახდა და დამაინტერესა, ყოველივე ეს მის შესახებ გავრცელებულ ახალ ანეკდოტებში თუ აისახა.

 

“გადავაქციოთ მესტია ევროპის ტურისტულ ცენტრად”, “საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მუშაობას ქუთაისში გააგრძელებს”, “რამდენიმე წელიწადში ახალ ქალაქ ლაზიკას ავაშენებთ”, “ღიმილიანი საქართველო”, თბილისში დიდი ველოსიპედის სკულპტურის დადგმა, ბათუმში შლოპანციანი კვერცხების ქანდაკების განთავსება, ერთი და იგივე სამედიცინო აპარატურით 10-15 და 20–ადგილიანი საავადმყოფოების გახსნა და თავად ბატონი პრეზიდენტის ყოველდღიური პიარ აქციები “საზოგადოებრივი არხის”, “იმედისა” თუ “რუსთავი 2”-ის სატელევიზიო ეთერით...

 

ზემოთ მოყვანილი თითოეული თემა და კიდევ სხვა მრავალი ახალი ანეკდოტებისათვის ნოყიერ ნიადაგს ამზადებდა.  ყოველივე ამან ისეთი კომიკური სურათი მიიღო რომ გადავწყვიტე წერილი “ანეკდოტები მიშაზე – 2” შემოგთავაზოთ.

 

ქართული მას-მედიის სხვადასხვა წყაროების საგულდაგულოდ გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე რომ დიდი სურვილის მიუხედავად, პრეზიდენტზე შექმნილი სახალისო ისტორიების რიცხვი დიდი არ არის. ალბათ ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ მართლაც ანეკდოტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სიცილი თუ გსურს, ბატონი მიშას გახშირებულ ინტერვიუებს უნდა გაეცნო.

 

რა ლაზიკა ან “ღიმილიანი საქართველო”... ამ თემაზე გავრცელებული ერთი ანეკდოტიც კი ვერ მოვიძიე. თავად სიტყვა “ლაზიკა” დიდ ღიმილს იწვევს და ანეკდოტების გამავრცელებლებმა ალბათ თავი ზედმეტად არ შეიწუხეს.

 

დღევანდელ წერილში კი ჩემს მიერ შეგროვებულ ანეკდოტებს გაგაცნობთ და მათ ერთგვარი რეიტინგის მიხედვით განვალაგებ. ბოლოში ბონუსის სახით ჩვენს თანამემამულე ძალოვანებზე გავრცელებულ ერთ სახალისო “ისტორიასაც” გაგაცნობთ. ქვემოთ მოყვანილი მაგალითების გამო ავტორს სასტიკად ნუ განსჯით. პირიქით, თუ მკითხველი ამ ნუსხას გაამდიდრებს, ძალზე მადლიერი დაგრჩებით.

სხვადასხვა ქართულ საიტებზე განსაკუთრებული პოპულარობით შემდეგი ანეკდოტი სარგებლობს (რომელსაც პირველ ადგილს უპირობოდ მივაკუთვნებდი):

 

მიხეილ სააკაშვილი, ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი

მიჯაჭვულ ამირანთან ადიან. ამირანი გორგასალს ეუბნება:

 

- გორგასალო ძალიან გაგიმართლა, იმიტომ, რომ მეფე იყავი და დედაქალაქი დაარსე.

შემდეგ დავით აღმაშენებელს მიუბრუნდა.

- შენც მაგრად გაგიმართლა, წმინდანად შეგრაცხეს და დიდგორის ბრძოლა მოიგე. 

შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი თავისთან მოიხმო და, შენ ყველაზე მაგრად გაგიმართლაო, - უთხრა.

- რატომ? – ჰკითხა სააკაშვილმა.

- დაბკული რომ ვარ. დაბმული რომ არ ვიყო...

 

პოპულარობის მიხედვით მეორე საფეხურზე ქვემოთმოყვანილ ანეგდოტს დავაყენებდი.

 

ბუში, ბლერი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს.

ბუში ამოიღებს ვერცხლის პორტსიგარს, ზედ აწერია: - “შვილ ბუშს მამა ბუშისგან".

ბლერი ამოიღებს ოქროს პორტსიგარს წარწერით: - “ბლერს დედა დედოფლისაგან".

სააკაშვილი ამოიღებს პლატინის პორტსიგარს 5-კარატიანი ბრილიანტით, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს - “ასლან აბაშიძეს ლუჟკოვისაგან".

 

მესამე პოზიციაზე “პუტინი-მიშა-ვანო”-ს ტრიო განთავსდა.

 

პუტინმა ოქროს თევზი დაიჭირა და უთხრა - ბუზად გადამაქციე, რომ სააკაშვილის ოთახში შევფრინდე და გავარკვიო რას საქმიანობსო.

ოქროს თევზმა თხოვნა შეუსრულა. ბუზად ქცეული პუტინი მიშას ოთახში შეფრინდა და მის სამუშაო მაგიდაზე დაჯდა.

ამ დროს მიშა გაზეთს კითხულობდა, გაზეთი მოკეცა, ბუზს დაარტყა და მოკლა. თან ჩაილაპარაკა - ყოჩაღ ვანო, კარგი ნამუშევარიაო...

 

ხალხში მოარული ყველაზე პოპულარული ანეკდოტების შემდეგ დანარჩენებსაც შემოგთავაზებთ.

 

“ნაციონალმა” დაიჭირა ოქროს თევზი. თევზმა უთხრა, გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებო. კარგიო, უპასუხა “ნაციონალმა”.

პირველი სურვილი – მიშა მიმყოფე დიდხანს პრეზიდენტადო. შესრულებული იქნებაო, ახლა მეორე და მესამე სურვილებიც თქვით – უთხრა თევზმა.

“ნაციონალმა”, – შენ ეგ ერთი სურვილი შემისრულე და მეორე და მესამე თავისთავად იქნებაო.

 

პუტინი მივა ღმერთთან და ეკითხება:

- ღმერთო, რუსეთს როდის ეშველება?

ღმერთმა – შენი პრეზიდენტობის დროს არაო და... პუტინი ატირდება.

ახლა, მიშა მივა ღმერთთან და ეკითხება:

- საქართველოს როდის ეშველება?

და, ღმერთი ატირდება.

 

შევარდნაძემ ახალგაზრდა სააკაშვილი ამერიკიდან ჩამოიყვანა, ხელში ჯოხი მისცა და უთხრა: ეს ჯოხი ჯადოსნურია, რასაც ეტყვი, აგისრულებს.

გახარებულმა მიშამ ჯოხი შევარდნაძეს მხარზე დაადო და შესძახა: გადადექი, გადადექი!

 

თბილისელი ეკითხება ბათუმელს: მე რომ ჩოლოქის ხიდზე ვიდექი და ”მიშა, მიშა”–ს ვყვიროდი, შენ მაგ დროს რას აკეთებდი?

ბათუმელი: მე ხიდის მეორე მხარეს ვიდექი, იარაღი მეჭირა და ”ასლან, ასლანს” ვყვიროდი.

თბილისელი: მერე, ვერ მესროლე?

 

დღევანდელი “სახალისო-პოლიტიკური” წერილის დასასრულს კი ქართველ ძალოვანებზე გავრცელებულ ანეკდოტს შემოგთავაზებთ. ამ უწყების თანამშრომლებმა სახელი ისე “გაითქვეს”, რომ ქვემოთმოყვანილი “მხიარული ამბავი” მართლაც დამაფიქრებელია და ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ ყოფას სრულად ასახავს.

 

წვრთნას გადიან რუსი, ქართველი და ამერიკელი სპეზრაზმელები. დავალება: ვინ უფრო მალე გამოიყვანს კურდღელს ტყიდან.

ამერიკელებმა შეკრიბეს გუნდი: ფსიქოლოგი, სნაიპერი, ადვოკატი, პოლიციელი და მონადირე. შევლენ ტყეში და ნახევარ საათში გამოიყვანენ უვნებელ კურდღელს.

რუსები შეცვივდებიან ტყეში ტანკებით მთვრალი სპეცრაზმელებით და "ურა"-ს ძახილით. ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ ცხოველებს და გამოიყვანენ მკვდარ კურდღელს.

ქართველებიდან ტყეში შევა 3 ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემისა და დედის გინების ხმა. გამოიყვანენ დათვს, დასვამენ მაგიდასთან, ჩაჩრიან თათში საწერ კალამს და დააწერინებენ: ”ვარ კურდღელი, ვცხოვრობ სოროში, მეძახიან ყურცქვიტას.”