საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული საკითხი განიხილა

საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული საკითხი განიხილა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ხმალაძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სწორედ ის საკითხია, რა მოდელის მიხედვით უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა - პირდაპირი თუ ირიბი არჩევნების გზით.

"მსჯელობა იყო პრეზიდენტის არჩევნების წესზე. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო რესუბლიკებშიც გვხდება ისეთი შემთხვევები, როცა პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში - მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ეს არ არის პირდაპირი არჩევნები. საკითხი იდგა ასე: რომელი მოდელი უნდა ავირჩიოთ? - ჩანდა, რომ ირიბ არჩევნებსაც ჰყავდა თავისი მომხრეები და პირდაპირი არჩევნების წესსაც", - განაცხადა ხმალაძემ.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა, რადგან ჯგუფის მიერ გამართული ოთხი სამუშაო სხდომიდან კვორუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგა. '"ამიტომ საკითხთან მიმართებაში ჯგუფის წევრთა პოზიციების თანაფარდობაზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისი თქმით, გარდა პრეზიდენტის არჩევის წესისა, მსჯელობის საგანი იყო თავად მისი უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხიც.

"სამუშაო ჯგუფში ძირითადად გამოიკვეთა, რომ უნდა წავიდეთ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისკენ, თუმცა მაშინ ამ მოდელში როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელი ფუნქციები უნდა გაეზარდოს პრეზიდენტს? - ის, რომ არ უნდა ატარებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს ყველასთვის ცხადია, მაგრამ პრეზიდენტის, როგორც არბიტრის ფუნქციები როგორი შეიძლება იყოს? საჭიროა თუ არა ეს ფუნქციები გაფართოვდეს? ზოგადად ითქვა, რომ უფლებამოსილებები, სადაც ჩნდება კითხვის ნიშნები რა ვის სფეროშია, რა საკითხები რომელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს მიეკუთვნება, იყოს მაქსიმალურად მკაფიოდ განსაზღვრული, რომ შემდგომ არ წარმოიშვას კითხვები", - განაცხადა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, სამუშაო ჯგუფი მის მიერ განხილულ საკითხებთან მიმართებაში 'უფრო ღმად ვერ წავიდა, რის მიზეზადაც მან შემდეგი გარემოება დაასახელა: ჯგუფის რამდენიმე წევრმა გვთხოვა, გვითხარით როგორია ამ საკითხებისადმი დღევანდელი ხელისუფლების დამოუკიდებულება და ჩვენ მერე გამოვხატავთ პოზიციებსო.

"თუ ჩვენ გვინდა, რომ დავდოთ ღირებული მოდელი და პროექტი, უნდა შევეცადოთ, რომ ყოველგვარი ასეთი კარნახის და გამოხატული პოზიციის გაზიარებიდან კი არ მივიდეთ საბოლოო პროექტამდე, არამედ დავსხდეთ და მოვილაპაროთ იმ შეხედულებებზე, რაც მიგვაჩნია რომ უკეთესია", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.