ბევრი მასშტაბური რეფორმა განვახორციელეთ ერთადერთი მიზნით, რომ რიგის სამიტზე მათი აღიარება მოხდეს

ბევრი მასშტაბური რეფორმა განვახორციელეთ ერთადერთი მიზნით, რომ რიგის სამიტზე მათი აღიარება მოხდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიელ კოლეგა კოენ გინსს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო.

"საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა მიაწვდინოს ხმა ევროპულ ქვეყნებს და აუხსნას, შეახსენოს, რომ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრი მასშტაბური, მათ შორის, მტკივნეული რეფორმა განვახორციელეთ ერთადერთი მიზნით, რომ რიგის სამიტზე მოხდეს აღიარება ამ რეფორმებისა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება ვიფიქროთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ რიგის სამიტის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი მოიხსნება", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. კონფერენციაში "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელება: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა" ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვითი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. დელეგატები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ევროკომისიის პირველი ვიცეპრეზიდენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის მოხსენებებს ისმენენ და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ეცნობიან. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც მიმართა სიტყვით და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.

"არ გვქონდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და გვაქვს; არ გვქონდა არასრულწლოვანთათვის სპეციალური კანონი და მართლმსაჯულების კოდექსი ბავშვებისთვის უკვე შემუშავებულია; ის პირობა, რომელიც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, დავდე, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ ათობით ათას საჩივარს წინა ხელისუფლების დროს მორიგებით დავასრულებდით, ეს პროცესიც შეფასებულია წარმატებულად", - აღნიშნა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრით დაასრულებს.