"კვლევის შედეგები გაყალბებულია „ნაციონალური მოძრაობისა“, „თავისუფალი დემოკრატების“ და შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ"

როგორც "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა, IRI-ის კვლევის შედეგები „ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების", ასევე შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდაა გაყალბებული, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია.

ძაგანიას თქმით, უახლოეს მომავალში „მემარცხენე ალიანსი"  ობიექტურ კვლევებს დაუკვეთს და საზოგადოებას მიაწოდებს რეალურ ინფორმაციას, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში.

„IRI წლების მანძილზე აყალბებდა კვლევებს „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. დღესაც აღნიშნული კვლევები გაყალბებულია „ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების" სასარგებლოდ. ასევე შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ, რადგან ის არის „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტია უნდობლობას უცხადებს ამ კვლევას. ცოტა ხანში ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ობიექტურ კვლევებს. ჩვენი პარტია დაუკვეთს ობიექტურ სოციოლოგთა ჯგუფს აღნიშნულ კვლევებს და საზოგადოებისთვის გახდება ნათელი, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში. ტექნიკურადაც რომ შევაფასოთ აღნიშნული კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები, ძალიან დიდი ცდომილებაა. საერთოდ, კვლევების შედეგების ცდომილების დიაპაზონი 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამ კვლევაში კი 8-10-პროცენტიანი ცდომილებაა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კვლევები გაყალბებულია", - განაცხადა ძაგანიამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში.