"ჩვენს მიერ გადადმული ნაბიჯების შედეგია, რომ რეგიონში მხოლოდ გასულ წელს 59 მილიონი დოლარი ჩაიდო"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრემიერმა ანაკლიაში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, ახალი პროექტი რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ, შეჩერებული, მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებისკენ და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებისკენაა მიმართული.

"ჩვენს მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ყველა ნაბიჯი, რომელიც დღემდე გადავდგით სწორედ ამ  მიზანს ემსახურბა. ამ ნაბიჯების შედეგია, რომ მხოლოდ გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 59 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც ჩაიდო, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების, მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, სამთო მოპოვებითი მრეწველობის მიმიართულებებში. ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაა. ეს იქნება პორტი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა ჩვენი ვარაუდით 100 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. პროექტის განსახორციელებლად ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია დაიხარჯება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს არანმხოლოდ სამეგრელოს რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.