გიორგი ვოლსკი ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართავს

გიორგი ვოლსკი ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობაა“

აღნიშნულთან დაკავშირებით გია ვოლსკი განცხადებას ავრცელებს.

"21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა „რეაქციაში“ ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა „რეაქციის“ ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის" აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა  2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ გამოცხადებულ ბოიკოტთან.

ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მითუმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა „კატეგორიულ მოთხოვნებს“ ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მივმართავთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს", - აღნიშნულია განცხადებაში.