ვიქტორ დოლიძე - ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია

ვიქტორ დოლიძე - ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია ირაკლი ალასანიასა და "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ , - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.

"გამოჩნდა, რომ დანაშაულის მოტივაცია პრაქტიკულად არ არსებობს. პროკურატურამ ვერ წარმოადგინა და ეჭვი მეპარება, რომ მომავალში წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად მივიყვანოთ ეს გამოძიება ბოლომდე და გაირკვეს, ვინ დაიწყო ეს ბაკჰანალია ჩვენი ლიდერისა და პარტიის წინააღმდეგ და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს დროულად იმ ხალხის ვინც ამ ყველაფერის საფუძველი შექმნა", - განუცხადა ჟურნალისტებს დოლიძემ.

მისივე აზრით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქვეყანაში ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და საქმე თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის დაწყებულია".

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები სასამართლოში შეიტანა. მასალების შეტანის შემდეგ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმის მასალები 21 ტომს შეადგენს. პროკურორის განმარტებით, 21 ტომიდან 2 საიდუმლო მასალების შემცველია.