ირაკლი ჩიქოვანი:    ნათლად ჩანს, რომ ე.წ.კაბელების საქმეში პროკურატურასვე ეპარება ეჭვი

ირაკლი ჩიქოვანი: ნათლად ჩანს, რომ ე.წ.კაბელების საქმეში პროკურატურასვე ეპარება ეჭვი

ნათლად ჩანს, რომ ე.წ.კაბელების საქმეში რეალურად პროკურატურასვე ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გადასცემია, რაც კანონმდებლობის უპირობო მოთხოვნაა.

"მათ გადაეცათ მხოლოდ ნაწილი - 250 გვერდი, თუმცა, რეალურად მტკიცებულებები, რაზეც ისინი აპელირებენ ათიათასობით გვერდია. ადვოკატებმა პირდაპირ მიუთითეს იმის თაობაზე, რომ მათთვის გადაცემულია მხოლოდ მტკიცებულებათა ნუსხა და რეალური მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარისათვის, რაზეც უპირობო მოთხოვნა არსებობს. აქვე დავამატებ, რომ პროკურატურამ გუშინ ღამე დანიშნა ექსპერტიზა იმ კითხვებითა და იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც რეალურად დაკავებული იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ბრალი ედებათ ე.წ. კაბელების საქმეში. ნათლათ ჩანს, რომ რეალურად თვითონ პროკურატურასვე ეპარება ეჭვი იმ საქმეში, რაც მათ გააჩნიათ და ის ექსპერტული დასკვნა, რის საფუძველზეც თავის დროზე ეს საქმე შეითითხნა, არის უსაფუძვლო. რაც შეეხება მოტივს, საქმეში მოტივი კვლავ არ არსებობს და არ არსებობს რეალური ბრალდება. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - ეს არის პოლიტიკური მიზანი", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები სასამართლოში სრულად შეიტანა. მასალების შეტანის შემდეგ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა, რომ საქმის მასალები 21 ტომს შეადგენს. პროკურორის განმარტებით, 21 ტომიდან 2 საიდუმლო მასალების შემცველია.