ე.წ.კაბელების საქმის მასალები 21 ტომს შეადგენს

ე.წ.კაბელების საქმის მასალები 21 ტომს შეადგენს

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები სასამართლოში სრულად შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მასალების შეტანის შემდეგ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, საქმის მასალები 21 ტომს შეადგენს.

პროკურორის განმარტებით, 21 ტომიდან 2 საიდუმლო მასალების შემცველია. პროკურორი სასამართლოში ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებთან დილით მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულების დამცველები მსგავს ხრიკებს ხშირად მიმართავენ.

"დილით ადრე ჩემი კოლეგა დაუკავშირდა დაცვის მხარეს და უთხრა, რომ აპირებდა სასამართლოში საქმის წაღებას. ჩემმა კოლეგამ ადვოკატებს უთხრა, რომ მოსულიყვნენ და ნუსხა გადაეცემოდათ. დაცვის მხარემ ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ მათ რომ ჩვენ მივიდოდით, რაზეც უარი მივიღეთ. ბოლოს ვუთხარით, რომ შევიდოდით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ბრალდებულებს გადავცემდით ნუსხას, თუმცა ამაზეც უარი თქვეს და გვითხრეს, რომ არ შემოგვყვებოდნენ. ფოსტითაც გადავუგზავნეთ ნუსხა, შემდეგ კი აქ სასამართლოში ტელევიზიების თვალწინ როცა გამოჩნდნენ ადვოკატები, იძულებულები გახდნენ ჩაებარებინათ ნუსხა. ისინი ხშირად მიმართავენ ამგვარ ხრიკებს. მათი განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ცარიელ ფურცელზე ვთხოვდით ხელის მოწერას", - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

სასამართლოში პროკურორის მისვლისას მცირე შელაპარაკება მოხდა ადვოკატებსა და ბრალდების მხარის წარმომადგენლებს შორის. პროკურორმა ადვოკატ ლევან სამუშიას მიმართა, რომ იგი ტელევიზიების თვალწინ შოუს დგამდა.