კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ დაიჭირეს. ეს ინფორმაცია სარწმუნო წყარომ მომაწოდა. ჟორჟოლიანთან ერთად “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი, ნიკა ზუბიტაშვილიც დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ჟორჟოლიანის დაკავების შესახებ არაფერი წერია. ამიტომ, ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება ვცადე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსთან, ზურაბ გვენეტაძესთან.
“არ ვიცი, გადავამოწმებ“, - მითხრა გვენეტაძემ, ტელეფონი გათიშა და მოგვიანებით აღარ მიპასუხა.
ერეკლე კოდუას მეუღლეს, ტელეკომპანია იმედში “ნანუკას შოუს“ წამყვან,ს ნანუკა ჟორჟოლიანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში, შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა მიხეილ ჟორჟოლიანი პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (353-ე მუხლის მეორე ნაწილი) დააკავეს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და შემდეგ, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ოღონდ სასამართლო დღედმე არ გამართულა.
ჟორჟოლიანთან ერთად 2010-ში დააკავეს: დავით ბენიძე (შევარდნაძის დროს გენპროკურორის მოადგილის, ვენედი ბენიძის შვილი და ამავდროულად თავდაცვის ყოფილი მინისტის, დავით კეზერაშვილის მეგობარი), ირაკლი ღლონტი (შევარდნაძისდროს საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსნის, ავთო ღლონტის შვილი), კონსტანტინე ჩაჩავა (შევარდნაძის დროს თბილისის ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩავას შვილი) და ვლადიმერ დოლიძე.
ეს ის ვლადიმერ დოლიძეა, რომელიც მამასთან ერთად ბახმაროში გამართული დოღის დროს, ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მამამ საპატიმრო ევროსასამართლოს ჩარევის შედეგად დატოვა, ხოლო შვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2010-ში მეორედ დაიჭირეს და დღემდე საპატიმროშია, რადგან დოლიძის გარდა ყველა დაკავებულმა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა, მაგრამ მათი სასამართლო დღემდე არ გამართულა.
მამა-შვილი დოლიძეები დღე-დღეზე ელოდებიან სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებას.