ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ რაც ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს, რომ პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებები სრულად არ მიუღიათ, საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე მივიდა. 

გუბელაძემ ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა, რომ მტკიცებულებს ბრალდების მხარე დაცვას აძლევს. პროკურორმა მედიის თანდასწრებით საუბრისას, ადვოკატი შოუს მოწყობაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი მტკიცებით, დაცვის მხარეს სრულად გადაეცა მტკიცებულებების ის ნაწილი რომელიც საიდუმლოს არ შეიცავს. ზვიად გუბელაძის განცხადებით, ასეთი მტკიცებულები წარმოადგენს საქმის მასალების 1%-ს, თუმცა ადვოკატები აღნიშნულ 1%-საც იცნობენ. 

"მათ მიეცათ აღნიშნული მტკიცებულების გაცნობის საშუალება, თუმცა არ გადასცემიათ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს", - განაცხადა პროკურორმა. 

მისი თქმით, ადვოკატების განცხადება რომ დაცვის მხარეს პროკურატურამ მხოლოდ მტკიცებულებების ნუსხაზე ხელმოწერა სთხოვა მტკიცებულებების გადაცემის გარეშე, არის აბსურდული. 
"არავითარი ცარიელი ოქმი არ ყოფილა. ჩვენ მტკიცებულებები დაცვის მხარისთვის გადაცემული გვაქვს. ისინი ითხოვდნენ, რომ კიდევ მოგვეხდინა აღნიშნული მასალების გადაცემა, თუმცა საპროცესო კოდექსით ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. 

პროკურორის მტკიცებით, ბრალდების მხარე მზად არის სასამართლოში პროცესისთვის. ამასთან, იგი გამოეხმაურა ადვოკატების კიდევ ერთ განცხადებას, რომ პროკურატურამ მთავარი ექსპერტიზა გუშინ დანიშნა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, ექსპერტიზა დაინიშნა ადვოკატების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე. 

"მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ჩვენთვის იყო სრულიად გაუგებარი და აბსურდული და ამის გადასამოწმებლად დავნიშნეთ ექსპერტიზა, რომელზეც ველოდებით პასუხს. პროკურატურა სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.